* ადრეა ჯერ
- რას შვრები ბაბუ მოკეთდი ცოტა? - მე რომ აწი მოვკეთდები ისე გეყოლა მტერი... - ნუ გეშინია ბაბუ, მოკეთდები, მოკეთდები! წნევაც დაგიწევს და ფეხზეც დადგები! აი, როგორც ჩვენი ერთგული გურჩიკა მაგალითად; დაკოჭლაობს, მაგრამ ცოცხალია, ჯანზეა და ომახიანად ყეფს რაც მთავარია. - მისმინე შვილო, ახლა სხვაგვარადაა ყველაფერი... წუხელი ისევ ბებიაშენი მეზმანაა... - რაო, რა მინდაო ისევ ისე ქოთქოთებდა ხომ?! ახლა სიზმარშიც აღარ გასვენებს შენი ,,ტკბილმოუბარი" ქალბატონი ოლღა. - არა, პირიქით, უცნაურად მშვიდი მეჩვენა, ზედმეტადაც კი...აბრეშუმის თეთრი კაბა ჩაეცვა, სწორედ ის კაბა, რაც მრავალი წლის წინ ქორწილის დღეს...გამუდმებით თვალებში მიყურებდა და იღიმებოდა... ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, ხეები, მინდორი, ჩვენი სახლი და გურჩიკაც კი... უცებ უზარმაზარი ღრუბელი დაეშვა. მე და ოლღა ამ ღრუბელზე შევდექით და ცისკენ აგვიტაცა. რაც უფრო მაღლა ავდიოდით მითუფრო ვმსუბუქდებოდი და ვმსუბუქდებოდი... არც წნევა მაწუხებდა, არც გული მტკიოდა და არც ფეხები თითქოს...ისეთი სიმშვიდე მეუფლებოდა ისეთი, როგორც... - რა როგორც?! ახლა არ მითხრა რომ სიზმრების გჯერა... - სიზმრების არა ბებიაშენს! ეჰ...მოსულია ჩემი დრო... როგორ, ბებერი არავარ თუ რა?! მიხმობს უკვე ოლღაც, მეძახის!ხვდები?! ამას სიზმარი რად უნდა, აღარ შეუძლია ჩემს სხეულს ისედაც...საცაა... მოულოდნელად კარები გაიღო და ოთახში ჩემი პატარა ქალიშვილი ანასტასია შემოფრიალდა დიდი ბებოს ოლღას ულამაზესი თეთრი აბრეშუმის კაბით. სწორედ იმ კაბით ბაბუას რომ ესიზმრა... გოგონა ძლივს მიუახლოვდა მწოლიარეს იატაკზე სანახევროდ დაფორთხებული ტანისამოსით და შესძახა: - ნახე ბაბუკა! - ოჰ, ჩემი კუდრაჭა მობრძანებულაა. ეს რა ჩაგიცვამს ბაბუკა? მაჩვენეე ... - ოლღა ბებოს კაბაა! გოგონა დატრიალდა... - როგორ გიხდებაა...დედოფალა ხარ ნამდვილი, დედოფალა! ანასტასიას რაც ძალი და ღონე ჰქონდა იპრანჭებოდა, იმანჭებოდა, ბზრიალებდა და რაც უფრო სწრაფად მით უფრო კარგად, ლოტუსის ყვავილივით იშლებოდა ძველისძველი კაბა. მასაც სწორედ ეს უნდოდა - კაბის დიდი ფრიალი! ამასობაში ზედმეტი ბზრიალ-ტრიალისგან თავბრუდახვეული იატაკზე დაენარცხა და ჰაერში აშლილი კაბა თავზე წამოემხო...ვაიმე, ხომ არაფერი მოგტყდა მეთქი აღელვებულმა ვცქვიტე ყურები. ანასტასიამ კი უარის ნიშნად ხმამაღლა დაიყვირა: ვაა, რა მაგარია, კაბის შიგნიდან სულ თეთრი ჩანხარ მამიკო...ბაბუაც თეთრია...შემდეგ სწრაფად წამოდგა და ასე კაბაწამომხობილი გაიჭრა ეზოში. იმავე წუთებში ღია ფანჯრიდან მკაფიოდ მოისმოდა მისი ბავშვური ლაღი ხმა, რომელიც ჟღურტულს აგრძელებდა ამჯერად გურჩიკას მისამართით: შენც თეთრი ხარ ჩემო პაკუსია? თეთრი ხარ თეთრი! ხეებიც თეთრია და მინდორიც...თოვლი მოდის, თოვლი ვაშაა... საყვარელი თოვლიიი...პირველი თოვლიიი...თბილი თოვლი...ნახეთ, ნახეთ ღრუბლებიც თეთრია...რამოდენა ღრუბლებიაა...ბაბუუ...ბაბუუ...გესმის ჩემიი...არ შეიძლება ღრუბლებზე ასვლაა?!...ადე! ავიდეთ რაა...ავფრინდეთ... ამ მხიარულებაში მე და ბაბუა ერთმანეთს მივშტერებოდით ოთახის სივრცეში და გულიანად ვხარხარებდით ამგვარად ახდენილ წუხანდელ სიზმარზე. ადრეა ჯერ ოლღა ბებო, ადრეეე... /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი