* ერთი წყვილი ფეხსაცმელი


- შემოგვადნა წლები რეზო...როგორც ადრე ერთ მერხზე, ახლაც გვერდიგვერდ ვსხედვართ, ოღონდაც კალამის ნაცვლად ხელში ლუდით სავსე ბოკალი გვიჭირავს და დროს ძლივს გამოტყუებულ შვებულებას ყველასგან შორს, ბუნებაში ერთმანეთთან ჭუკჭუკში ვატარებთ. 
- გაიგე გემო ცხოვრების?
- ნწ. ან რა უნდა გამეგო, როცა კაცი ჭკუაში ვარდება და ამსოფლის ავან-ჩავანს სწავლობს, დრო უკვე წარსულია ჩემო ძმაო. წარსულს კი ვინ დააბრუნებს. წესით სიცოცხლის ყოველი წუთი მაქსიმალურად უნდა დაატკბო ცხოვრებით, ისიც მხოლოდ ბედნიერად ცხოვრებით.
- ეგრეც რომ იყოს, ადამიანს სიცოცხლე მაინც არასოდეს მოსწყინდება და ბუნებრივი იქნება კიდეც, ცოცხალი ორგანიზმები ხომ გამუდმებით სიცოცხლისკენ მიილტვიან. ხანდახან ისევ ბავშვი მგონია თავი და სხვენში განმარტოებული ვხირკედელაობ, ოღონდაც ერთი განსხვავებით - ძველებურად აღარაფერი მახარებს....გახსოვს ლალა მასწავლებელი, როგორც გვცემდა ხოლმე გაკვეთილების გაცდენისთვის?
- გვცემდა კიარა ძვალ-რბილს გვიერთიანებდა შენ გაიხარე. ყურები სად მქონდა ხოლმე აღარ მახსოვდა. რა ქალი იყო ისე...
- ულამაზესი. ხომ ეგრე გვაშავებდა, მაგრამ მაინც მიყვარდა...
- დღემდე მიკვირს რა, ლამაზი კი იყო მაგრამ როგორ შეგეძლო იმოდენა ქალი შეგყვარებოდა?
- ბიჭო, მიყვარდა კიარა ვგიჟდებოდი. ღამეები არ მეძინა მასზე ფიქრში ხოლმე. მთელი ბავშვობა იმაზე ვოცნებობდი მალე გავზრდილიყავი და ცოლად მომეყვანა.წარმოგიდგენია?!
- ჰაჰაჰა, შენ და ლალა ფატაში! არა, რა კიდევ კარგი არ აგისრულდა ეგ ოცნება, თორემ ახლა ცოლი კიარა ბებო დაგელოდებოდა ტახტრევანზე ,,მძინარე მზეთუნახავივით".
- ენა რომ არ გქონდეს შენ...გეტყოდი ახლა საკადრისს, მაგრამ ამხანაგი ხარ და დაგინდობ. იცი?! ღირდა ყველაფერი, თუნდაც ამად, დღეს ასეთი მოგონებებით თავი შეგვექცია. შენ რომ მსუქანი თინიკო გიყვარდა ხომ გახსოვს?! ბოლოს ქოჩრით დაგითრია. არა, როგორ გაგიმეტა ისე?
- აბა, გიჟი ბავშვი იყო... დღემდე მგონია, რომ მასაც ვუყვარდი, ოღონდ თავისებურად.
- ბიჭო, ქოჩრით თრევაც სიყვარულით მოუვიდა, ჰა?
- კი. რაიყო მერე?! ეგ ერთხელ მოხდა. მეორე დღეს კი მიყვარხარო მითხრა. ბავშვები ასეთები არიან. ყურადღების მიქცევის მიზნით ყველაფერში ირჯებიან.
- ასეა, ასე; და შენ რაზე ოცნებობდი მთელი ბავშვობა?
- გაგეღიმება და ფეხსაცმელზე.
ჰო, უბრალო ფეხსაცმელზე, წარმოგიდგენია?! მაგრამ ამაზე საჭირო და ტკივილიანი ოცნება არც მქონია. მამა რომ დამეღუპა ის საზარელი ზამთარი მახსენდება... შემოსავლის წყარო გამოგვეცალა და საშინლად გაგვიჭირდა. მაშინ 5 წლის თუ ვიქნებოდი. ჩემს დას ანოს, ძველი ფეხსაცმელი შემოეხა. ახლის საყიდელი ფული აღარ იყო. ერთი კვირა ფეხშიშველი დადიოდა სკოლაში. თოვლში ისე მოეყინა ფეხები, მთელი ღამე სიცხიანი კვნესოდა...მე კი მის გვერდით, ზურგშექცევით ვიწექი, თვალებიდან უხმაურო ცრემლები სულ ღაპაღუპით ჩამომდიოდა და დილამდე მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი - როგორმე საკმარისი ფული მეშოვნა მისთვის რომ ერთი წყვილი ფეხსაცმელი მეყიდა...

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი