მადლიანა


✨მადლიანა✨
✍️ნოველის ავტორი - მარიამ რევიშვილი

იმ დღეს მთებზე ნისლი დაბალი ფარჩასავით დაფენილიყო. მოხუცი იასონი ბოსლის ზღურბლზე იჯდა და „მადლიანას“ უყურებდა - წაბლისფერ ძროხას, რომელიც თხუთმეტი წელი მისი ოჯახის დედაბოძი იყო.

იასონს ის დღე ახსოვდა, როცა მადლიანა პირველად შემოვიდა ეზოში, ნორჩი, კვიცივით მოთამაშე. მას მერე წლებმა ჩაიქროლეს. მადლიანამ ოჯახს ყველაფერი მისცა, რაც კი პირუტყვს შეეძლო: რძე ისეთი სქელი და ნაღებიანი ჰქონდა, რომ დამლევს ლამის მთელი დღე ანაყრებდა. წელი არ გავიდოდა, ჯანმრთელი ხბო არ მოეგო და ბოსელი ხალისით არ აევსო. მაშინ იასონიც უფრო ღონიერი იყო. მადლიანას დოვლათი და კაცის მარჯვენა ერთად ქმნიდნენ იმ ცხოვრებას, რომელსაც სიმშვიდე ერქვა.

მაგრამ დრო დაუნდობელი მესაათეა. ნელ-ნელა მადლიანას ნაბიჯი დაუმძიმდა. თვალებში ის სინათლე ჩაუქრა, ადრე რომ უელავდა. წელს რძე აღარ მოუცია, არც ხბო მოუგია. ბუნებამ თავისი სასტიკი კანონი აამუშავა.

იასონი ძროხის ამობურცულ ნეკნებს რომ უყურებდა, სევდა ყელში ბურთივით ებჯინებოდა. ის საკუთარ თავს ხედავდა ამ ცხოველში, ისიც ასე დაბერდა, ისიც ასე დაიცალა ღონისგან. „ყველაფერი, რაც იწყება, უნდა დასრულდეს,“ - ფიქრობდა მოხუცი. - „ხეირი რომ აღარ მოაქვს, ნუთუ მაშინ ხდება ზედმეტი? განა სიცოცხლე მხოლოდ ხეირია?“

სოფლის წესი დაუნდობელია: ბერწ და დაბერებულ პირუტყვს ბოსელში არავინ ინახავს. ზამთარი მოდიოდა, თივა კი ცოტა იყო. მეზობლებიც აგულიანებდნენ: „დაკალი, იასონ, მაინც ვერ გამოიზამთრებსო“. იასონი მივიდა, ხელი გადაუსვა თავზე მადლიანას, ძროხამ თავი დახარა, თითქოს ხვდებოდა, რა განაჩენიც ეწერა. მის დიდ, სველ თვალებში მოხუცმა მთელი თავისი განვლილი ცხოვრება დაინახა - შრომა, დაღლა და ახლა უკვე გარდაუვალი აღსასრული.

ეს არ იყო უბრალოდ ძროხის დაკვლა.  კაცმა იცოდა, როცა მადლიანა აღარ იქნებოდა, ბოსელში სიცივე დაისადგურებდა, ისეთი სიცივე, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ადამიანი საკუთარ წარსულს საბოლოოდ ემშვიდობება.

იმ საღამოს იასონმა ლესვა არ დაიწყო. დანა გვერდზე გადადო, თივა ბლომად დაუყარა მადლიანას და გვერდით მიუჯდა. მიხვდა, რომ ადამიანი მხოლოდ მანამაა ადამიანი, სანამ მადლიერება სარგებელზე მეტია. მან გადაწყვიტა, მადლიანასთვის ბოლო ზამთარი ეჩუქებინა, არა როგორც პირუტყვისთვის, არამედ როგორც მეგობრისთვის.

ბოსელში სიჩუმე იდგა, მხოლოდ მადლიანას მძიმე სუნთქვა ისმოდა. იასონი დაბალ სკამზე იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და ფიქრობდა, როგორ ჰგავს ყველაფერი ერთმანეთს: გაზაფხულზე აყვავება და შემოდგომაზე ჭკნობა.

უცებ ბოსლის მძიმე კარი ჭრიალით გაიღო და შიგნით პატარა ანდრია შემოვარდა, იასონის შვილიშვილი. ბიჭს ლოყები სიცივისგან დაჰწითლებოდა, თვალები კი ისე უელავდა, თითქოს შიგ მზე ჩასახლებოდაო. ანდრია მივარდა მადლიანას, ყელზე ხელი მოხვია და ბაბუას მიუბრუნდა:

- ბაბუ, ბაბუკა! იცი, მეზობელმა კოტემ რა მითხრა? მადლიანას ბოლო ხბო ხომ გახსოვს? იმას პატარა ხბო ჰყოლია, სულ მადლიანასნაირი, შუბლზე ვარსკვლავივით თეთრი ნიშნით! თუ გინდათ, წაიყვანეთ, მადლიანას პატივისცემით გაჩუქებთო,- აგრძელებდა ანდრია და ძროხას სველ დრუნჩზე ეფერებოდა. - ბაბუ, წამოვიყვანოთ, რა... იმასაც „მადლიანა“ დავარქვათ. სულ ჩვენთან იქნება, ხომ?

იასონი გაჩუმდა. მან დაინახა, როგორ მიეკრა ბავშვის ნორჩი, სიცოცხლით სავსე სახე ძროხის დანაოჭებულ, დაღლილ კანს. იმ წამს ბოსელში დრო გაჩერდა. მოხუცმა შეამჩნია, უხილავი ძაფის გაბმა წარსულსა და მომავალს შორის.

- წამოვიყვანოთ, შვილო, - თქვა იასონმა ჩუმად და იგრძნო, როგორ მოეშვა რაღაც, ლოდივით მძიმე მკერდზე.

მან ნელა აიღო გალესილი დანა, ბოსლის ბნელ კუთხეში, ძველ სკივრს მიღმა გადამალა და მადლიანას მიუახლოვდა. ძროხამ ამოიოხრა, მძიმედ, ადამიანურად. იასონმა ხელი გადაუსვა მის ქედს.

- წადი, ანდრია, ბებიას უთხარი, თივა მეტი ამოიტანოს, - დაავალა შვილიშვილს.

როცა ბავშვი ეზოში გავარდა, იასონი ბოსლის ზღურბლზე დადგა. გარეთ უკვე ბინდდებოდა. მან დაინახა თოვლზე შვილიშვილის დატოვებული ნაბიჯები, პატარა, მტკიცე კვალი, რომელიც პირდაპირ მისი, მოხუცის ნაბიჯებიდან იწყებოდა.

იასონმა ცას ახედა. პირველი ვარსკვლავი ზუსტად ისე კაშკაშებდა, როგორც ანდრიას ნათქვამი იმ ხბოს შუბლზე. მან ნელა გამოსწია ბოსლის კარი, თითქოს ეშინოდა ამ წმინდა სიჩუმის დაფრთხობის და ზამთრის ცივ ბინდში გაუჩინარდა, სადაც მისი და ანდრიას ნაბიჯები ერთმანეთში ირეოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი