ცეცხლის ბიჭი
✍️ ნოველა - „ცეცხლის ბიჭი“ ავტორი: მარიამ რევიშვილი იყო დრო, როცა საქართველოში ზამთარი მხოლოდ სიცივე არ იყო, ის იყო გამოცდა. სკოლებში ღუმელები ენთო, მაგრამ იმ ცეცხლს იშვიათად მოჰქონდა ნამდვილი სითბო, უფრო ბავშვების გაყინული ხელებით მოტანილი შეშის სუნი ტრიალებდა ჰაერში. იმ ბავშვებს შორის იყო ერთი ბიჭი - ცოტნე. ის არ იყო ზარმაცი, უბრალოდ სხვანაირად სწავლობდა ცხოვრებას. როცა სხვები დაფასთან იდგნენ ან მასწავლებელს უსმენდნენ, ცოტნეს მზერა ცეცხლზე ეჭირა, იმ ცეცხლზე, რომელიც მას უნდა დაენთო. დილით სისხამზე ტყეში აგროვებდა ხმელ ტოტებს, გირჩებს და სკოლაში მიჰქონდა. ის ცეცხლს იმისთვის ანთებდა, რომ სხვებს არ შესცივებოდათ, რომ მეგობრებს ძალა ჰქონოდათ, გაემეორებინათ გაკვეთილები, მოეყოლათ ლექსები და ხელის კანკალის გარეშე დაეწერათ საკონტროლო. როცა ცეცხლი ნაპერწკლებს ჰყრიდა, ცოტნე თვალებში აკვირდებოდა ყველას თუ რომელიმე კლასელი უკეთ მოყვებოდა გაკვეთილს ან აღარ დაიწუწუნებდა სიცივეზე, გულში ჩუმად იტყოდა: „ჩემმა ცეცხლმა გაათბო, ჩემმა ცეცხლმა გაუნათაო.“ მერე უფრო მეტ ეშხში შედიოდა, შეშას კიდევ შეამატებდა, ხმელ ტოტებსაც მიაყოლებდა და ცეცხლს ისე აგიზგიზებდა, თითქოს საკუთარ სულს ათბობდა. სანამ რომელიმე ამხანაგი არ იტყოდა: - მეტისმეტი სიცხეა, ფანჯარა შევაღოთო... მანამდე არ ნებდებოდა ბიჭი. ასეთ დროს ჩუმად გაეღიმებოდა და ეს ღიმილი ნიშნავდა: „დღეს ჩემმა ცეცხლმა თავისი საქმე გააკეთა.“ სკოლის შემდეგ, როცა სხვები ჩანთებს ალაგებდნენ და შინ მიიჩქაროდნენ, ცოტნეს ჩანთა ისევ გაუხსნელი რჩებოდა. სახლში მამა ელოდა, მასთან ერთად უნდა მოეყვანა საქონელი, გამოეკვება ფრინველი, ჭიდან მოეტანა წყალი, დედას დახმარებოდა კვერცხების, ბოსტნეულისა და ყველის ჩალაგებაში, რომ მეორე დღეს ბაზარში გაეყიდათ და ოჯახს ორი ლუკმა მაინც ჰქონოდა. ხშირად ისე ჩაეძინებოდა, თითებზე ისევ კვამლის სუნი ჰქონდა შერჩენილი. მისი პატარა ხელები თბილი, გამრჯე და მორჩილი იყო უენო, მაგრამ ცოცხალი ბავშვის სახით. ამბობდნენ: - „ცოტნე არ სწავლობსო...” მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, რომ ბიჭს წიგნზე უფრო დიდი გაკვეთილი ჰქონდა თანაგრძნობის, შრომისა და სიყვარულის. დრო გავიდა. სკოლები შეიცვალა, ღუმელები გაქრნენ. ცოტნე კი კაცად იქცა მშვიდ, მშრომელ ადამიანად, იმ დღიდან, როცა პატარა საკლასო ოთახში პირველად დაანთო ცეცხლი და ამით სხვების გულები გაათბო. ცოტნემ ვერ ისწავლა ქართულის, მათემატიკის, ისტორიისა თუ სხვა საგნების გაკვეთილები ვერ დაიპყრო გამრავლების ტაბულა, არ იცოდა სასვენი ნიშნების სწორად დასმა, ვერ დაიმახსოვრა თარიღები... წიგნს ვერ ხსნიდა, მაგრამ ფიცრულ იატაკზე დაყრილი ნაფოტებით წერდა ადამიანურ გაკვეთილებს სწავლობდა სხვის გახარებასა და მზრუნველობას. ახლა, როცა წლები გაფრინდა, მისი იმდროინდელი კლასელებიდან ზოგი ექიმი გახდა, ზოგი იურისტი, ზოგიც სახელოვანი და მეტად პატივცემული პიროვნება. როცა ერთმანეთს ხვდებიან, ყველას უყვარს ცოტნე, ის ბიჭი, რომელმაც მაშინ საშუალება მისცა მათ, თბილ ოთახში გაიოლებოდათ სწავლა. ერთ ზამთრის დღეს, როცა მოულოდნელად ქარბუქი ჩამოწვა, ცოტნემ თავის სკოლასთან ჩაიარა. ფანჯრებში ისევ ბჟუტავდა შუქი, ბავშვების ხმა ისმოდა სიცივე ეტყობოდათ. მან უხმაუროდ მიიტანა ხელებით მკერდზე ახუტებული ტოტები, კედელთან დააწყო და უკან გადადგა ნაბიჯი. მასწავლებელმა ფანჯრიდან დაინახა კაცის სილუეტი თეთრ ნისლში ნელა გაუჩინარდა, თითქოს იმ ძველმა ცეცხლმა უკანასკნელად შეახო ხელი ბავშობის დღეებს. მხოლოდ კვამლმა იცნო ,,ის", იმ მოსწავლეობის კვამლმა, რომელიც ოდესღაც ცოტნეს დანთებული ცეცხლიდან იშვებოდა. მერე მის მიერ მიტანილი ტოტებით ცეცხლს შეუკეთეს და შორიდან, თითქოს მივიწყებულმა ნაპერწკალმა გაიელვა... კლასში სიცილმა და სითბომ დაისადგურა, მასწავლებელმა ჩუმად ჩაილაპარაკა: „ვინც არ უნდა იყო... მადლობა, რომ გაგვათბე.“ ცეცხლი, რომელიც ოდესღაც ერთმა ბიჭმა დაანთო, რათა სხვებს უკეთ ესწავლათ და არ გაყინულიყვნენ, მას შემდეგ აღარასოდეს ჩამქრალა. არც გულში. არც ადამიანებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი