გაყინული ნაბიჯები
ნაწარმოების ავტორი: ✍️ მარიამ რევიშვილი ⚜️გაყინული ნაბიჯები⚜️ (ჰუმანურ-ისტორიული დრამა) ნაწარმოები დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, რომელიც ჩემს ოჯახს შეემთხვა. პერსონაჟების სახელები ნაწილობრივ შეცვლილია. *** მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სოხუმის მშვიდობიანი ქუჩები, საბჭოთა დროის შენობებში შერწყმული ევროპული არქიტექტურა, ქალაქის ცნობილი ტრამვაი, სკოლებში სიცოცხლით სავსე ხმაური, ბაზარში ტკბილი ხილის, ახალი ზღვის პროდუქტებისა და ცხელი პურის მწიფე სურნელი, სუბტროპიკული კლიმატი, მთებიდან ჩამომავალი სუფთა ჰაერი, სანაპიროზე მოსეირნე ტურისტები თუ ადგილობრივები, ზღვიდან მონაქროლ ნაზ ნიავზე მოშრიალე პალმის ხეები, ქალაქის ბულვარი, სადაც ადამიანები ოცნებობდნენ და სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს, ძელსკამებზე მსხდომი მოხუცები, წარსულის მოგონებებს რომ სიამოვნებით იხსენებდნენ, მთვარიან ღამეებში, ღრუბლებს შორის გამოფენილი, მოციმციმე ვარსკვლავები და ამ ყველაფერში ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსებისა და ბერძნების ერთობლივი და ბედნიერი ცხოვრება, უცებ საშინელ ომში ჩაიკარგებოდა... ბაზარში, სადაც ყოველთვის ისმოდა გამყიდველების მხიარული ხმები, იმ დღეს უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. ქალბატონი ციცინო, რომელიც საუკეთესო ხაჭაპურებს აცხობდა, ტკბილად უღიმოდა ერთგულ მყიდველებს: — „უგემრიელესი ხაჭაპურები მაქვს, შვილებო!“ — მაგრამ მისი ხმა თითქოს უფრო რბილი იყო, თითქოს სადღაც შიგნით რაღაც ღრღნიდა... თითქოს შიშობდა, რომ ეს დილა იქნებოდა ბოლო, როცა სოხუმის ქუჩებში თავისუფლად იდგებოდა. მოსწავლეები ჯერ კიდევ მიიჩქაროდნენ სკოლებში, თუმცა ფანჯრებიდან უჩვეულო დაძაბულობა მოჩანდა. ბატონმა ლევანმა, ისტორიის მასწავლებელმა, მერხებთან ჩამომჯდარ ბავშვებს ბოლო გაკვეთილი ჩაუტარა: — „მომავლის ისტორია თქვენ უნდა დაწეროთ…“ — მაგრამ სიტყვა „მომავალი“ თავადვე გაუჭირდა ბოლომდე გაეაზრებინა. მერე კი ყველაფერი შეიცვალა. ომი დაიწყო. ტყვიების ქარ-ცეცხლს როგორღაც თავი დააღწიეს და ნარგიზა, თავის ორ სტუდენტ ქალიშვილთან თამართან და ელგასთან ერთად, სხვა ადამიანების ნაკვალევს მთებისკენ გაჰყვა. მათი თვალები სავსე იყო შიშით, ხოლო გული გაჟღენთვოდათ გადარჩენის იმედით. ელგა დღიურში წერდა: "გუშინ დედამ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ როგორ? სახლი დავტოვეთ, სოხუმის ქუჩები დავტოვეთ, ბავშვობის ყველა მოგონება დავტოვეთ. მე არ ვიცი, როდის მოვკვდები, მაგრამ მგონია, რომ ეს აუცილებლად მოხდება. დედა ხელს მიჭერს, მაგრამ მისი თითები გაყინულია, ძლივს ვგრძნობ. რამდენ ხანს გავძლებთ? მე აღარ მახსოვს, რას ჰქვია სითბო." ზურგს უკან დარჩათ – სახლი, კედლებზე ჩამოკიდებული ფოტოები, ძველ სკივრში შენახული წერილები... მეგობრები, ნათესავები, საერთოდ ყველა და ყველაფერი... მაგრამ ახლა არც ერთს აღარ ჰქონდა დრო წარსულის ტკივილზე ფიქრისთვის. წინ მხოლოდ ცივი, თოვლიანი მთები იყო, საიდანაც უკან მობრუნება აღარ შეიძლებოდა. გზა, უძღვოდათ მხოლოდ - წინ. მთებში უჩვეულო სიჩუმე იდგა. მხოლოდ ქარი ქროდა, ნერვიულობის ქარი და კბილების აკაწკაწებამდე სწვდებოდა გადარჩენისთვის იძულებით გახიზნულებს. აქა-იქ გაისმებოდა ხოლმე ბავშვების ტირილი, რომელსაც ჯერ შიმშილი უძღოდა წინ, შემდეგ ავადმყოფობა და ბოლოს სასოწარკვეთა. დედები ჩუმად, ცრემლების გარეშე, თავზე ეფერებოდნენ შვილებს და ჩურჩულით უმღეროდნენ. წესით, ამ გზაზე, სიცივეში, გზა ჯიუტად არ უნდა დაეთმო სიცოცხლეს სიკვდილისთვის. მაგრამ ომით ნაკარნახევი ბუნება კანონებს აღარ ცნობდა – ის, როგორც ყრუ, ბრმა და უგრძნობი მკვლელი, ადამიანებთან ერთად ყველა წესს კლავდა. ვინ იცის, მაშინ რამდენმა მშობელმა მიაბარა გაყინული პირმშო მთებს, ბნელ ღამეში, ტკივილთან ერთად. ნარგიზას, შინაგანი ხმა ასე ესაუბრებოდა: "მე ვეღარ ვგრძნობ ფეხებს. არ ვიცი, მივდივარ თუ უბრალოდ ქარის მიმართულებით მივყავარ ცხოვრებას. ჩემი შვილების ხელები აღარ არიან ისეთი თბილი, როგორც ადრე. ჩემი გოგოები ცოცხალია? ღმერთო, როგორი ბეცი ვარ, რა უფლება მაქვს ახლა ამაზე ვიფიქრო, როცა ვხედავ, როგორ ეჭირათ დედებს მკვდარი შვილები ხელში... და მაინც, რატომ? რატომ ამდენი ტკივილი?" ერთ მომენტში ნარგიზამ ფარდასავით ჩამოშვებულ თოვლის სითეთრეში ორი სილუეტი გაარჩია. — „იქნებ გადარჩენილები არიან?“ —წაუჩურჩულა ერთმა სილუეტმა მეორეს. მოახლოვდნენ თუ არა ორი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. — „შეგიძლიათ სიარული?“ — ჰკითხა ქალს ერთ-ერთმა, რომელსაც დაღლილი თვალები მაინც იმედით ჰქონდა სავსე. — „ვცდილობთ...“ — ამოიჩურჩულა ნარგიზამ. — „დაგეხმარებით!“ და ასე გაგრძელდა გზა, სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს ხელის წავლებით ინარჩუნებდნენ. ოქტომბრის მიწურული იყო. შემოდგომის სიგრილე უკვე იგრძნობოდა ბარის ჰაერში. ხეები ფოთლებს ფრთხილად ყრიდნენ, გეგონებოდა, რომ თავადაც ემშვიდობებოდნენ ყველაფერს, რაც ომს თან მიჰქონდა. ცას მოყვითალო-მოწითალო ღრუბლები გადაჰკვროდა, თითქოს შეეგრძნო იმ ადამიანების კვნესა, ვისაც მიწაზე ფეხის დადგმა აღარ შეეძლო. შუადღით, ,,მიკის" გაუჩერებელმა ყეფამ გამახედა კარიდან. ძაღლი, რომელიც ყოველთვის გამოიცნობდა და გრძნობდა თითოეული ადამიანის მდგომარეობას, ახლა გაოცებული და დაძაბული იყო. ის იყო იმ დროის ეზოს მცველი და ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი ოდნავი გადახვევაც კი სიმშვიდის ზონიდან. დედა, მამა და ბებია უკვე ადგილზე იყვნენ. ცნობისმოყვარეობამ მძლია, მაშინვე მათკენ გავქანდი და დედის კალთას მივეყრდენი. ჩემმა დამ - ხატიამაც იგივე გააკეთა და შემოგვიერთდა. მამამ ჭიშკარი გააღო. ავტობუსიდან ძლივს გადმოლასლასდა ორი ადამიანი. ისინი არ ჰგავდნენ უბრალო მგზავრებს. არ ჰგავდნენ ოდესღაც ქალაქის ქუჩებში მოსიარულე, ჩვეულებრივ ადამიანებს. რაღაცნაირად დადუმებულები, გადაღლილები, მშიერ - მწყურვალები, თვალებში რაღაც გაუგებარი სიცარიელით სავსეები, უსულო სხეულებს მოგაგონებდათ. ფეხზე აღარ იდგნენ – უფრო სწორად, ვეღარ იდგნენ. ქვედა კიდურები ისე ჰქონდათ გადამწვარი ყინვისგან გაცვეთილ ფეხსაცმელებში და სამშვიდობოსკენ გამოსწრების სურვილით, ძალაგამომცლელი ჩქარი სიარულისგან თუ სირბილისგან, რომ ვერც ერთი ნაბიჯი ვეღარ გადმოდგეს ჩვენსკენ. მამამ და დედამ მათი თვალები ამოიცნეს და მაშინვე მოქმედებაზე გადავიდნენ. მამამ ნარგიზა, ხოლო დედამ და ბებიამ ელგა ერთობლივად აიყვანეს ხელში. ორივეს ფეხები ბინტებით ჰქონდა შეხვეული, სისხლის ლაქები უკვე გაყინულიყო და ყინვის ფერად ქცეულიყო. ქარი მათ თხელ, გაცრეცილ ტანსაცმელს ეთამაშებოდა, მაგრამ ისინი უკვე ვეღარ გრძნობდნენ სიცივეს. მაშინ პირველად ვიგრძენი, თუ რა იყო ომის შემდგომი ტკივილი, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ გესმის, რადგან სულ რაღაც 4-5 წლის თუ ვიქნებოდი, ხოლო ჩემი დაიკო - 2 წლის და სიახლეების შესწავლის ასაკმა ინტერესიანი თვალები შეანათებინა უცხო სტუმრებზე. მიკი, ჩვეულებრივ, ყოველთვის მშვიდად და საყვარლად იქცეოდა, ამჯერად ისევ განაგრძობდა ყეფას, თითქოს თავადაც გრძნობდა იმ ადამიანების ტკივილს, რომლებიც ომის თანმდევი, უმძიმესი გზით იყვნენ მოსულები. მისი ყეფა უკანასკნელი გაფრთხილებასავით ჩანდა. შეიძლება ძაღლი, რომელთანაც ბავშვები აქამდე უდარდელად ვთამაშობდით, შინაგანი ინტუიციით გრძნობდა და განიცდიდა კიდევ – რომ ახლა სიმშვიდე კაიხანს აღარ იქნებოდა, რადგან სევდიანმა და გაოგნებულმა ადამიანებმა მოულოდნელად გადაჭრეს უდარდელობით გასართობი ძაფი. ან შეიძლება იმასაც ცდილობდა თავისი ყეფით მგზავრებს როგორმე დახმარებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, მხოლოდ ემოციურად - ყეფით გამოსდიოდა, საქმით კი რას უნდა გამხდარიყო. ამასობაში, ავტობუსის ძრავამ ბოლო ოხვრა ამოაყოლა და გზა განაგრძო. ჭიშკარი ღია იყო. გაყინული მგზავრების წინ, ჩვენი სახლის კარიც ღია იყო. დედამ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, როდესაც ისინი სახლში შემოიყვანეს: "თქვენ შინ ხართ." ელგამ თითქოს ოდნავ შეანელა სუნთქვა. დედას თვალებში ჩახედა, და მაშინ, როცა ცრემლები უკვე გამქრალიყო მის ცხოვრებაში, სახეზე მაინც შეეცვალა ფერი – თითქოს, შიშისა და სასოწარკვეთის მიღმა, რაღაც ახალი იბადებოდა. მთები უკან დარჩა და ახლა იწყებოდა ახალი ბრძოლა - ფიზიკური და სულიერი აღდგინებისთვის. ნარგიზამ და ელგამ თავშესაფარი ჩვენს თბილ სახლში ჰპოვეს, ხოლო თამარი, ელგას და, ჩვენთან მოსვლამდე გზად მათი ოჯახის ახლო ნათესავთან დარჩენილა. ზოგადად მათი ოჯახი სოხუმში, თავის დროზე ჩვენს ოჯახთან დაახლოვებული იყო. სწორედ ამიტომ აირჩიეს და გვანდეს ასეთ რთულ მომენტებში საკუთარი სიცოცხლის ხსნა იმ ადგილას, სადაც დედაჩემს მათი ტკივილის ყველა ნაპრალი საკუთარი ხელებით უნდა შეევსო. ყოველ ღამე, ყოველ დილა, მოსვენებას წირავდა, რომ დედა-შვილისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ძილი აღარ ახსოვდა. ღამეებს მათ გაყინულ ფეხებთან ატარებდა, უკეცავდა თბილ საბნებს, მერე ცრემლიანი თვალებით აკვირდებოდა რომ დარწმუნებულიყო – სუნთქავდნენ?! უმზადებდა ისეთ საკვებს, მალე რომ მომჯობინებულიყვნენ. ზედმეტი სიტყვების გარეშე, ფრთხილად, თბილი წყლით ბანდა. მათ მოვლაში დედას ორი ბებია ეხმარებოდა (დედის და მამის დედა). მერე სათუთად ამშრალებდნენ, ნაზად უსვამდნენ სამკურნალო მალამოს, რომლის შეხებაზეც მწოლიარეებს სახეზე ხან ტკივილი ეხატებოდათ, ხან შვება. მათი სხეულებიც თითქოს ნელ-ნელა იბრუნებდნენ სიცოცხლეს, იმედის ნაპერწკლები ენთებოდათ გულებში, თბილ ხელებში და იმ ღიმილებში, რომლებიც ყველაზე ბნელ ღამეებშიც კი ევლინებიან თურმე სამყაროს, მაგრამ თვალები ისევ ცარიელი რჩებოდათ, როგორც იმ ადამიანებს, ვინც სიკვდილს ერთი ნაბიჯით გამოასწრო. მამა... მამა თითქოს არაფერს ამბობდა. დღისით, საჭირო დროს, ისინი, ხელში აყვანილი დაჰყავდა ექიმთან, სანამ სიარულს შეძლებდნენ. ღამით კი, როცა გვეგონა, რომ ყველას გვეძინა, ჩუმად გადიოდა ეზოში, უყურებდა ცას, მძიმე ღრუბლებს, თითქოს ღმერთს ეკითხებოდა: „რატომ? ,,ჩვენს სოხუმს რა ბედი ელის, ღმერთო?" მერე თავს გააქნევდა აქეთ-იქეთ, თითქოს ამბობდა: ,,არა, ის არ დაგვიკარგავს!",, არ დაგვეთმობა ასე იოლად!",, მაგრამ"... ამ ფიქრებში თავს ჩახრიდა, ხელებს სახეზე აიფარებდა. იმ წამს მეგონა, რომ მის დიდ, მომწვანო ფერის თვალებში, ერთი ობოლი ცრემლი მაინც გაბედავდა - გაერღვია ვაჟკაცური სიმტკიცე და გაეკვლია ღაწვებისკენ მიმავალი ბილიკი, მაგრამ არა! ჯიუტი ცრემლი არსად ჩანდა. იქნებ იბადებოდა კიდეც, მაგრამ მალევე სადღაც იმალებოდა – არა იმიტომ, რომ არ ეტირებოდა, არამედ იმიტომ, რომ ამ ტკივილის წინაშე სრულიად უძლური რჩებოდა. მე და ჩემი დის პატარა ხელები, რომლებიც სულ ახლახან თამაშობდნენ და ფერადი სათამაშოებით იყვნენ გატაცებული, ახლა სულ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდნენ. როგორც შეგვეძლო ვეხმარებოდით დედას, ვაწოდებდით მალამოს, ბინტებს, ბამბებს, დარვდომილებს წყალს და ა. შ. აგრეთვე ჩვენი ბავშვური მცირედმეტყველებით, მაგრამ მაინც სახალისო საუბრით ვართობდით და ცოტახნით ვიტაცებდით მათ დაღვრემილ გონებასა და ფიქრებს ბავშვობის მხიარულ სამყაროში. ვუყურებდით მშობლებს და ვსწავლობდით: როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები, როგორ უნდა ვეხმარებოდეთ მათ, როცა სითბო და თანადგომა სჭირდებათ. ჩვენც ვგრძნობდით თავისებურად, მუჭისოდენა გულებში, რომ ის მოცემულობა სულ სხვა რამ იყო – რაღაც ძალიან ძლიერი და საამაყო. .................................... ერთი წლის შემდეგ, როცა ნარგიზას და ელგას წასვლის დღე დადგა, ყველანი კართან ვიდექით და არ ვიცოდით რა გვეთქვა. დედა უბრალოდ ხელს არ უშვებდა მათ, თითქოს შიშობდა, რომ კიდევ სადმე დაკარგავდნენ სიმშვიდეს. ნარგიზამ ჩუმად, თვალებით გვაგრძნობინა მადლიერება, შემდეგ ცას ახედა და ხმამაღლა თქვა: ,,ღმერთო! ნუთუ ოდესმე დავბრუნდები აქ, ამ დიდებულ სახლში, რომ ისევ მოვინახულო ოღონდ წელგამართულმა ეს, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები?" - რა თქმა უნდა ნარგიზა! აქაც და იმ შენს სამშობლოშიც დაბრუნდები ერთ მშვენიერ დღეს! - უპასუხა ამაყად მამამ. ხოლო ელგამ ნაზად გაგვიღიმა და მოლოდ ერთი რამ თქვა: ,,როცა კარი გაგვიღეთ, თქვენ ამით ჩვენი სიცოცხლისთვისაც გააღეთ იმედის კარი.“ ისინი თითქოს სულ სხვა ადამიანებად ქცეულიყვნენ, დიდ დარდგამოვლილები, სიკვდილს გადარჩენილები. ჩვენშიც შეიცვალა რაღაც. ყველას კმაყოფილი ღიმილი დაგვთამაშებდა სახეზე, რომ ერთობლივმა ზრუნვამ ნაყოფი გამოიღო - ისინი გადარჩნენ! თბილად ვეხვეოდით და ვაცილებდით მათ, ბავშვები კი ხელებში ვუკუჭავდით და სამსახსოვროდ ვატანდით წინა დღით გაფორმებულ პატარა ფურცლებს, რომლებსაც ლაიტმოტივად გასდევდათ წითელი მელნით მიხატული გული. ისინი მიდიოდნენ, მაგრამ არა ისე როგორც მოვიდნენ, ამას იმიტომ კი არ ვფიქრობდი რომ ლამის ფორთხვით მოსულები ახლა ფეხზე გავლილები თამამად გაუდგნენ გზას, არა! მიდიოდნენ და მთებს, რომლებმაც ტკივილი მოუტანათ, ომს, რომელმაც ამქვეყნიური დაღი დაასვა მათ წარსულს, უკან ტოვებდნენ... იწყებოდა სულ სხვა სიცოცხლე, მაგრამ როგორი, ეს, ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩებოდა მომავლის ჰორიზონტზე. სამაგიეროდ ამინდი იყო ნათელი - მზე ისე ჩახჩახებდა და ისე უხვად ანებივრებდა დედამიწას თავისი სხივებით, რომ მისი ბრწყინვალება და სითბო საამოდ გვეღვრებოდა ყველას სხეულში. ნამდვილი ცხოვრება ასეთი იყო, სიმწარიდან სიტკბო მოედინებოდა და მასში ყველას თავისებური ადგილი ეკავა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი