წერილი დედას


- დედი, ჩვენს ბაღში ალბათ უკვე აყვავდა ია,
ალბათ ნარცისებს საზეიმო კაბა აცვია (თ)
ეზოს კუთხეში კუ დავმალე, ვაი თუ შია, 
ვხედავ ფანჯრიდან - ნუშს ყვავილი უკვე გასცლია.

- დედი , ძვირფასო, როგორ არის ჩემი მურია?
იქნება მეძებს, იქნებ სცივა, იქნებ სწყურია? 
იქნება ფისომ შეუსანსლა ისევ საუზმე...
აწი თათებზე მანიკურებს ვინღა წაუსმევს?

- დედი, მითხარი როდის შევძლებ ისევ ვიარო?
შენი ,, ქოშებით“ მინდა ბევრი ვიხეტიალო,
მინდა დავკრიფო გვირილები მინდორში შენთვის...
ვხედავ მაგ ღიმილს ცხელი ცრემლის წვეთები ერთვის.

- ნუ სტირი დედი, მალე შეძლებს ფრენას ფერია, 
ირგვლივ ყოველი , შენი თბილი სუნთქვის ფერია, 
ერთნაირ დღეებს შემოვაცლით სევდის ნაპირებს, 
მალე, ჩვენთვისაც იმარტებს და გაიაპრილებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი