მხოლოდ უფლის გზა არის მუდამ გაუხუნარი
ჩემს ღვთიურ ქალაქს ნაცრისფერი დაჰნათის მთვარე, მოქნეული აქვს ეშმას კუდი მეტად ვერაგი, ყველა ნაბიჯი სიკეთით და სიწრფელით კვალე, ვერ დაინახოს, ვერ გაიგოს თუნდაც ვერავინ. ერთი პური გაქვს?- ერთი პური აკმარე ათასს, ღვთის სიყვარულით იცხოვრე და გეყოს მცირედი, ნუ განიკითხავ ნურასოდეს მტყუანს და მართალს დაცემულს მუდამ გქონდეს მხოლოდ უფლის იმედი. თუ კი გაგინეს, შეურაცგყვეს, ცილი დაგწამეს, ბინძური შურის აკორდები შენზე დაცალეს, ამაღლდი მათზე!- გული მიეც უფალს კანდელად, იწვოდე, ენთე - სიმართლისთვის ენთე სანთელად! უბრად დაგიდგნენ? პირქუშობა შეატყვე მოყვასს? შემოაბრუნე, დაამშვიდე, დააიმედე, სულს ნუ შესწირავ ამქვეყნიურ ღვარძლსა და ბოღმას ცხოვრება ისეც, ლამაზ წუთებს ცოტას იმეტებს. შენი სიკეთით სიკეთისკენ უბიძგე სხვასაც, ბოროტებაზე გამარჯვების გქონდეს უნარი, ყველაფერს მისი მიზეზი აქვს,ავდარსაც, დარსაც, მხოლოდ უფლის გზა არის მუდამ გაუხუნარი!. / მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი