იცი, მინდოდა მყვარებოდი- სულის შეშლამდე,
იცი, მინდოდა მყვარებოდი- სულის შეშლამდე, ღვთისკენ მავალი ყოველი გზა ვიშორიშორე. ტაძრის კუთხეში მიყუჟული -გულის ხეთქვამდე მწვავდა ხატების დუმილი და მადლის სიშორე. იცი, მინდოდა, შენით სავსე დღეთა თენება, მიყვარდი ისე, უღმერთობაც მიღირდა შენით , მაგრამ იქ, სადაც უშენობა მირწევს ღამეებს გადავიღალე უსუსური დღეების თრევით. ისე მიყვარდი, ვერ გავზომე უფსკრულის სიღრმე, განა ვის ძალუძს შეუცვალოს ფერები ფიფქებს, განა ქარიშხალს შეაკავებს ოდესმე ვინმე.... ვარიდებ თვალებს ცრემლებამდე მოხვეულ ფიქრებს... მივდივარ, ვტოვებ ცეცხლმოდებულ ვნების არიას, ისმის სიჩუმის მელოდია ზღვარგადასული, გრძნობა, რომელმაც სულის შეშლით ერთხელ აგრიათ არ შეიძლება რომ უწოდოთ სიტყვა-,,წარსული!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი