ასე ლირიულად


,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
კეცის მჭადივით ამოგორდა წითელი მთვარე, 
იმედის სხივი უსახსოვრა იდუმალ ღამეს,

იქ, ცის გიდელში მიმოფანტა შავი ღრუბლები 
(ნეტავი სად ხარ, ამაღამ ვის ეჩურჩულები?)

ნეტავი სად ხარ, ვისი გულის ხარ ბინადარი,
(ვერ ვიზაფხულე, ქარებია, არის ავდარი)

ცივა უშენოდ, თვალმა ნისლი აღარ იკმარა, 
ადიდდა ცრემლად, ვერა და ვერ გაიცისკარა.

მე მოვდიოდი სიყვარულად და ხანაც მუზად 
(მსურდა შენს გულში რომ ჩამეშვა ოცნების ღუზა )

დამღალა ომმა საკუთარი გრძნობების თქეშში 
(ხან შეგიძულე, დაგამთავრე რამდენჯერ ჩემში,)

მარტის ღამეა, უსასოო, ტკივილმა მძლია,,,
გულწრფელ სიყვარულს სიძულვილი არ შეუძლია.

/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი