წადი!
როს შემოდგომა გამოაკრავს ყვითელ აფიშებს სულში სიცივის მკრთალი შუქი შემოაბიჯებს. მიზეზებივით გაცვდა გრძნობა-წადი, არ გიჭერ, დამთავრდი ჩემში, აღარ ველი მე, შენს ნაბიჯებს! სნეული ღამე კვლავ დააფრქვევს შავ-შავ ნახშირებს ჩემს ობოლ წუთებს უშენობა აღარ აშინებს. : მოჰგავხარ ძველი ციხის ნანგრევს ფოთოლცვენაში გარდაცვლილ დღეებს გავაცოცხლებ ფიქრით მზერაში . არ ჩაგიფიქრებ, აღარ გეძებ ვარსკვლავთცვენაში, ვგრძნობ რომ დავმარცხდი ჩემი მსგავსი ნეკნის ძებნაში. მივსტირი დღეებს გრძლადგაწოლილს და ნაავადებს გადავიღალე, არაფერი აღარ მადარდებს. როს შემოდგომა გამოაკრავს ყვითელ აფიშებს ნუ დაბრუნდები, ჩემს სულში ნუ შემოაბიჯებ აღარ გინახავ სურნელებით დაუჭკნობ წარსულს წადი, დამთავრდი, დაბრუნება მე შენი არ მსურს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი