გასეირნება


ჩემო ლამაზო, და მოწყენილო, მე შემომხედე.
ხომ არ შეშინდი? აი, თურმე ხუმრობაც ვიცი!..
ძალიან მიჭირს, ხელი რომ არ ჩაგჭიდო ახლა,
ძალიან მიმძიმს, კარგად არ გიგრძნო, ძალიან მიმძიმს...
მე მუდამ გხედავ, სულ გიყურებ, შენ კი არ იცი,
ვინ ვარ, სადა ვარ, როგორა ვარ, თუმცა, ისე კი,
შენც რომ ადვილად დაგიყოლიო: მოდი, დავლიოთ!
თან ვისეირნოთ,და თან ვწრუპოთ წითელი სითხე.
ხომ მარტონი ვართ?.. სიჩუმეა. პატარა შევთვრეთ.
შენი ჭირიმე, ნუ იყვირებ! ჩვენ არა ვყვირით;
არსად, არასდროს არ ვიყვირებთ - მოდი, შევთანხმდეთ.
რაღაცას გეტყვი, მომისმინე: ,,თითოც დავლიოთ!”
მე მგონი, გვათრობს... მისაყოლებლად არაფერი გვაქვს.
შენი არ ვიცი - მე ვბანცალებ, თავბრუ მეხვევა;
ჩემსავით სწრაფად ცოტა თვრება... დიდი ამბავი!
არაუშავს, თუ არ მებმის ენა - მაინც მთვრალი ვარ.
როგორც უკვე ვთქვი, ამ ჩვენს ქალაქში გავისეირნოთ.
ოღონდ ჩუ, ჩუმად, ფეხაკრეფით, ახ, ფრთხილად, ფრთხილად!..
ილიასა და აკაკის ძეგლის მარცხნივ წავიდეთ,
ახლა - პირდაპირ, აღმართებზე, მაღლა ვიაროთ.
ჰუჰ, დავისვენოთ! გამძლე არ ვარ, კვამლის ბრალია.
ეს ქვაფენილი... მერამდენედ უნდა ჩამოვჯდე?!.
გთხოვთ, მაპატიოთ: გამძლე არ ვარ, როგორც უკვე ვთქვი.
მორჩა, ბოლოა, მართლა ბოლო, აღარ დავჯდები, 
ახლა ჯობია, თავბრუდამხვევ ქვაფენილს ავყვეთ.
აი, მოვედით: ამით იწყება, ამ გისოსებით,
ოღონდ ჩუ, ჩუმად, ფეხაკრეფით, როგორც უკვე თქვით.
ხედავთ, ჯვარცმის ქვეშ ქალი ტირის ღვთისმშობელივით,
კირილიცათი დაწერილი წარწერებია,
არადა ზევით... რომ იცოდეს, ზევით ვინ არის!.. -
დეკემბრის თვეში გაჩენილი მოტრფიალე ყრმა.
მის გვერდით... ხედავთ?.. დამშვიდდით, და ისე შეხედეთ.
ახ, არ დამშვიდდეთ! გთხოვთ, მაპატიოთ, ეს რა ვთქვი, რა ვთქვი!
სხვა ყოველივე დაგუფლებოდეთ სიმშვიდის გარდა!
ნიკოლოზია ეგ ყმაწვილი. ცოტა შეშინდით?
ვახ, როგორ მიქრის, რას მიაფრენს!.. ხომ არ შეგშურდათ?
იქნებ, შეგცივდათ?.. მოგაშველოთ პლედი ან ღვინო...
არა? მაშ, კარგი, დავლევ ერთსაც, და გზა განვაგრძოთ.
გალაკტიონზე რა აზრის ხართ? მისი ბიუსტი
როგორ ამაყად იყურება, გენიოსურად,
მისი კალამი რა მძიმეა, თან რა მსუბუქი,
ხომ ხედავთ მაგ კაცს? გიჟი არ არის, არა, არ არის.
(მე მომეკიდა ეს სასმისი - თქვენი არ ვიცი.)
იქით ვაჟაა - სტუმრებს იღებს მთის მასპინძლობით,
მაგრამ რატომღაც მგონია, რომ იქ ვერ ისვენებს,
შიშისგან მაინც ესიზმრება ულვაშის სუპი, 
თუმცა გავჩერდეთ - მაგას თავის გასჭირვებია.
მე მაინც მჯერა, რომ თავისას გაიტანს მანდაც.
მოკლედ: დავლიოთ, და ამის შემდეგ იქით დავბრუნდეთ.
ცხენი თეთრია, ცხენები - ლურჯი, და ეს მხედრები!..
ბარათაშვილო, გალაკტიონ, ცეცხლი აანთეთ!
და, მეგობრებო, არც ერთ თქვენგანს რომ არ ეწყინოს,
იყოს ეს ცეცხლი ნერონის და იყოს ცის ფერი!
აჰა, ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს
თუ შევაჯერებთ ნერონის ცეცხლთან, როგორც ჩვენ ვიცით,
მაშინ იფეთქებს ნელი ალი სახურავებზე,
და, აი, მერე!.. მერე უკვე!.. მერე არ ვიცი...
თუმცაღა ახლა - ფეხაკრეფით! როგორც უკვე ვთქვით.
ვიღაც სხვა მოჩანს - ახალია, თითქოსდა უცხო.
აუცილებლად, უცხოებთან ფრთხილად იყავით.
სამი ფერია: თეთრი, ლურჯა და... შავია, ვითომ?..
შავ ცხენზე მყარად შემომჯდარა შავი მხედარი.
მერანს და ცხენებს, ლურჯა ცხენებს, ეს შავიც ერთვის,
და შავი მხედრის შესაგებებლად დგებიან მკვდრები.
სახე არ უჩანს, თუმცაღა მალე გამოუჩნდება.
სულ ცოტაც, აი, აი, სულ ცოტაც... რა? წყალი გინდათ?!.
არ გადამრიოთ! ხუმრობაა?! რა დროს წყალია!..
აი, გამოჩნდა! ნახეთ, შეხედეთ! ოხ, რა ნელი ხართ!..
უკვე აღარ ჩანს... რა ნელი ხართ, თქვენ რა გითხარით!
არადა მხოლოდ ამისათვის ამოგიყვანეთ!
ოხ, რა ნელი ხართ, რა ნელი ხართ, ნეტავ, იცოდეთ!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი