მტკვარი


ერთ ღამეს, 
სრულიად შემთხვევით, 
მეც მოვხვდი წყალის პირს, 
თუმცაღა არა ფიქრთ გასართველად, 
არამედ ისე, 
მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, 
რომ ჩემი ყველა წყალის პირს წასვლა 
ფიქრთა რთობით მთავრდება, 
მაშინ კი, 
კი,  
მეც, კი, 
კი, მეც, 
კი, მეც 
წარვედ წყალის პირს სევდიანი 
ფიქრთ გასართველად.
აგრესიული ღამე იყო, 
თითქმის ჩემსავით, 
და მთვარე სულ არ ჩანდა იმ ადგილიდან, 
საიდანაც ფიქრებს ვართობდი. 
და, მიუხედავად იმისა, 
რომ ჩემ გარდა ხის მაგიდას უსხდა  ათი კაცი, 
მე მაინც გახლდით ამ სუფრაზე  დიდი თამადა, 
ფიქრში გართული, 
გამორთული, 
ცაში ვერ აჭრილი, 
ქვესკნელში მჯდომი.  
ჰოდა,  
თქვენ წარმოიდგინეთ, 
ეს ლექსი რომ ფურცელზე დაწერილიყო, 
აუცილებლად გადავაგდებდი.
მოჩხრიალებდა მტკვარი მანიაკივით, 
შეურაცხად ხმებს გამოსცემდა, 
თითქოს აკრძალული აქტის შემდეგ 
პარტნიორს ყელში ხელებს უჭერდა 
დასახრჩობად ისე, 
როგორც მე დავიხრჩობოდი  მოჩხრიალე ისტორიაში, 
რომელიც თავად მე ვიქნებოდი 
- 
ისტორია.
ამ ჩხრიალში, 
ფიქრის გასართველ ბობოქრობაში, 
ვცნობდი წყალს, 
რადგან ამ წყალთან  ერთხელ უკვე ვიფიქრე ამაოებაზე, 
აღუვსებელ საწყაულებზე  
და ასე შემდეგ, 
თუმცა ის ლექსი დავამთავრე იმედიანად, 
რადგან, რახანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, 
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა. 
თუმცაღა ახლა, როცა მტკვარი ასე დუდუნებს, 
ეჭვი მაქვს, 
ვართ კი ადამიანები შვილნი ამა სოფლისა?
მე არ ვარ, 
ჩემი სახლი სახლი არ არის, 
ჩემი სიტყვა არ არის სიტყვა, 
ჩემი სამშობლო არ არის  არც საქართველო, 
არც დედამიწა, 
არც მზის სისტემა, 
არც რძიანი გზა, 
არც ლანიაკეა. 
ჩემი საყუდებელი არ გაჩენილა დიდი აფეთქებით, 
მე არ ვარ მე, რადგან მე მე ვარ, 
და რადგან მინდა, რომ მე ვიყო. 
და თუ ჩემი სურვილი არაა აქაური, 
მაშასადამე, 
მე არ ვარ აქაური, 
მე არ ვარ ქართველი, 
დედამიწელი. 
მე ვუსმენ მტკვარს, 
და მეუცხოება ის ადგილიც კი, 
სადაც საუკუნეების წინ ჩამოვედი სევდიანი 
ფიქრთ გასართველად. 
მე მე ვარ, რადგან მე არ ვარ მე, 
და მე მე არ ვარ, რადგან მინდა, 
რომ მე ვიყო.
მაშ, მოზიდეთ კალმახები, 
მოიტანეთ ულევი ღვინო, 
იჩხრიალოს მტკვარმა მანიაკივით, 
დახოცეთ ერთმანეთი, 
გიყვარდეთ ერთმანეთი, 
მხურვალედ აკოცეთ ერთმანეთს, 
იხმარეთ ათასი ქალი, 
მიეცით ათას კაცს, 
იმღერეთ მრავალჟამიერი, 
ჩაკრულო, 
რუსული რომანსები, 
ამერიკული ჯაზი, 
შეუბერეთ ინდური მუსიკა, 
სვით გერმანული ლუდი! 
მე მე არ ვარ, 
მე არ ვარ აქაური, 
მაშ, გიქნიათ, რაც გინდათ!
ეს ჩემი ლექსი ჩემი არ არის. 
ბარათაშვილი მე ვიყავი, 
და მე არა ვარ ბარათაშვილი, 
არც გალაკტიონი, 
არც დოსტოევსკი, 
არც ტოლსტოი, 
არც გოგოლი, 
არც კინგი, 
არც რუსთაველი, 
არც შექსპირი, 
არც უელბეკი, 
არც მიხაილი, 
არც ბულგაკოვი, 
არც ბეგბედერი, 
არც საძულველი გამსახურდია, 
არც გოეთე, 
არც ედგარ პო, 
არც არავინ ვარ, 
არც ყველა, 
მიწისაც არ ვარ, 
ცისაც არ ვარ, 
ჩემიც არ ვარ, 
შენიც არ ვარ. 
მე არ ვარ!
მაშ,  მეტი მოზიდეთ კალმახები, 
ხოცეთ ირმები, 
სვით ყანწები, 
მოწიეთ ბალახი, 
აკოცეთ სატრფოებს, 
გძულდეთ, 
გიყვარდეთ, 
გშიოდეთ, 
გწყუროდეთ, 
გსიამოვნებდეთ, 
იძინებდეთ, 
იღვიძებდეთ, 
იბადებოდეთ, 
კვდებოდეთ! 
მე რა?! 
მე არაფერი! 
მე არ ვარ თქვენი, 
მე ჩემი არ ვარ, 
მე არ ვარ ქართველი, 
არ ვარ დედამიწელი, 
არ ვარ მეფე, 
არ ვარ მართალი, 
არც მტყუანი. 
ქენით, რაც გინდათ! 
და რადგან მტკვარი, გიჟივით მოჩხრიალე, 
მედუდუნება ამქვეყნიურებს, 
მე, არაამქვეყნიური, მას არ მოვუსმენ! 
ალილუია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი