სიკვდილი ლოგინის თავზე
ჩემო სიყვარულო, მე ავად ვარ. სიკვდილი ჩემი ლოგინის თავზე ჩასაფრებულა და, თუ ვინმე სხვა წვება ჩემთან ერთად ან, თუნდაც, მარტო, ჩემს ადგილზე, არ აძინებს, არ ასვენებს. გუშინ მაგიტომ ვერ დაიძინე, გუშინ მაგიტომ ვერ მოისვენე... არც მე მაძინებდა, მაგრამ მივეჩვიე. ახლა მის დუდუნში მელულება თვალები, მის ცივ და გახრწნილ სუნთქვაში ვკალათდები ყველაზე უკეთ. მის სუნთქვას მიწის სუნი აქვს, მისი ფრთები მეჩხერი შავი ბუმბულითაა დაფარული, და რახან გაიგო, რომ ფრთოსნების გეშინია, აღარ ისვენებს, როცა აქა ხარ - აქნევს და აქნევს თავის მყრალ ფრთებს, და სველი მიწის სუნს აყენებს მთელ სახლში. ადრე უბრალოდ ჩურჩულებდა, ადგილიდან არ იძვროდა, თუმცა ბოლო დროს მოძრაობა დაიწყო - ჩემი ლოგინის თავიდან ჩემს გაშეშებულ სხეულზე გადმოფრინდება ხოლმე, ხან კუჭზე მაზის ფრთებმოღერებული, ხან ნაღველზე, ხან გულზე, მიკაკუნებს ნისკარტს და სისხლს მადენს სხეულიდან, ხორცებს მაგლეჯს, მერე მთელი დღე რომ მტკიოდეს დაგლეჯილი ადგილი. და მეც დავდივარ ასე ნაკუწ-ნაკუწ, ამოგლეჯილ ხორცის ნაჭერს უკან ვიმაგრებ, როცა ჩემთან ხარ, რომ არაფერი შემეტყოს, მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე, რომ არ მასვენებს სიკვდილი, რომელსაც ჩემი ლოგინის თავზე მოუკალათებია, ფრთებს შლის და გახრწნილ, ცივ ამონასუნთქს ძალას აძლევს, ჟრუანტელი მომგვაროს. აკი გითხარი, ავად ვარ-მეთქი, აკი გითხარი: ძალა აღარ მაქვს. სიმთვრალე მხოლოდ რამდენიმე საათითაა გამოსავალი, შემდეგ უარესია, შემდეგ უფრო საშინელია, უფრო საშიში. ნამთვრალევზე ყოველთვის უფრო დიდი მეჩვენება ჩემი სიკვდილი, რომელსაც ლოგინის თავზე მოუკალათებია და შეუდრეკად მიყურებს, მაკვირდება. ფრთებსაც უფრო დიდზე შლის, უფრო შრიალებს მისი ბუმბული; პირსაც უფრო დიდზე აღებს, უფრო მყრალია მისი ამონასუნთქი. მის ამონასუნთქს ბოლო დროს სიცივე კიდევ უფრო გაუჯდა, და როცა კისერზე დამივლის განზრახ გამოშვებული ჰაერის ნაკადით, მგონია, რომ ის ჰაერი წებოვანია. მშვიდად ვცხოვრობდით მე და სიკვდილი, მშვიდად გვეძინა მანამდე, სანამ შენ არ გამოჩნდი. ამბობს,რომ ვერ გიტანს, ეჭვიანობს, მე კი ვიცი, რომ ეშინია. მისი მოქნეული ფრთების შექმნილი ქარი გვიწეწავს ურთიერთობას; თუკი რამე არ გამოდის, მისი ფრთების მოქნევის ბრალია. შენ ვერ ისვენებ ჩემს ლოგინში, რადგან ამ ლოგინს ჩემი სიკვდილი დაჰპატრონებია და, როგორც კი ჩაგთვლემს, თავის მყრალ სუნთქვას შემოგაგებებს, გრძელი ნისკარტი შენს ცხვირთან მოაქვს. დღეს დილით მისი ბუმბული შენს თმაში ვიპოვე, მაგრამ, სანამ გაგეღვიძა, ფანჯრიდან გადავაგდე. ვთხოვ, რომ მოგასვენოს, მაგრამ არ მისმენს - ცხვირს იბზუებს და ყურებს იხშობს. შენი ეშინია, და ყველაფერს იზამს, რომ შენს თმაში თავი აღარასდროს ჩავრგო. ჩემო სიყვარულო, მე ავად ვარ. ჩემი ლოგინის თავზე სიკვდილი წამოსკუპებულა, რომელიც პირიდან სველი მიწის სუნს ახრჩოლებს. ბოლო დროს ხშირად მკორტნის კუჭზე და გულზე. შენ ვერ შეგეხება, ამის უფლება არ აქვს, უბრალოდ შეუძლია, არ მოგასვენოს. ჩემს ცარიელ ოთახში მისი სუნთქვაც კი ექოს გამოსცემს, მაგრამ მე არ მეშინია. ვთხოვ, იქნებ, რამენაირად, არც შენ შეგაშინოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი