ღამის პირველზე ფანჯრების წინ


ღამის პირველზე ფანჯრების წინ 
ერთი ჩიტი ზის,
შავ ბუმბულებში გარევია ერთი ჭაღარა.
იქნება, ხშირად ნერვიულობს -
აბა რა ვიცი.
სახე მეცნობა. 
ადრე, მგონი, სიგარეტი მოვაწევინე.

დილით ამდგარზე ჩემი სკოლის წინა ეზოში
ჩემი ნათრევი, დაგლეჯილი გვამი დავმარხე.
დილა კი იყო, მაგრამ ისევ არავინ ჩანდა.
ამოვთხარე და კალათბურთის ფარის მარჯვნიდან
გათხრილ ორმოში ჩავუძახე ჩემივე სხეულს.
მსხვერპლი მსხვერპლია -
თუნდაც დამარხო სკოლის ეზოში.
სულ ერთი-ორჯერ გამქურდველივით მიმოვიხედე,
იყო თუ არა ვინმე მაშინ ჩემთან, ახლოში,
მაგრამ არც ერთი მხრიდან არ ჩანდა 
თურმე არავინ.
მხოლოდ მაშინღა, როცა თავი მაღლა ავწიე,
ჩიტი შემომხვდა,
შავი იყო და ერთი თეთრი ბუმბული გამორეოდა.
კი შემეშინდა, მაგრამ რატომღაც
სულ არ აღელდა. მოვიდა და ასანთი მთხოვა,
მერე კი მითხრა: ,,კარგად გიქნია,
ახლა კი მოდი, სიგარეტიც მომაწევინე”.
და მაგის შემდეგ, 
ჩემი კლასის ფანჯრის რაფაზე
როცა ლობიანს და შაქრიან გაზიანებს შევექცეოდი,
მოჩანდა გორა,
ცუდად მიყრილი მიწის მარცვლები.
მე მიქრებოდა ყველა მადა და მეშინოდა,
რომ არ ენახა ვინმე კლასელს
ჩემი საფლავი.
ამ შიშისაგან დიდი ხანი აღარ მეძინა,
მერე კი მივხვდი, რამე უნდა მექნა იმ წამსვე.
და ისევ დილით,
სანამ პირველი მეეზოვე გამოჩნდებოდა,
მე ამოვთხარე ჩემი გვამი და მივიხედე
მარჯვნივ და მარცხნივ,
ქვევით და ზევით,
ჰოდა ზევიდან გადმოფრინდა ის შავი ჩიტი,
ჩემს გვამს დააჯდა და თვალიდან ორი ჭია ამოაცალა,
და გადასანსლა ისე უმადოდ, როგორც მე ვჭამდი
ფანჯრის რაფაზე ლობიანს და
საფლავს ვიცავდი.
ჭიებისაგან გამიწმინდა მთელი სხეული,
და მომეხმარა, სადღაც მთებისკენ აგვეტანა
ხელმეორედ დასამარხავად.
შორი არ არის -
ხანდახან კიდეც ავდივარ ხოლმე.

ღამის პირველზე ფანჯრების წინ 
ერთი ჩიტი ზის,
შავ ბუმბულებში გარევია ერთი ჭაღარა.
ამ შავ ბუმბულში ჩამალულმა ჩიტმა კი იცის
ჩემი საფლავი - 
მას იქ კრაზანაც დაუჭერია,
დაუჭერია იქვე კალიაც,
სადაც მზე იყო ჩემზე მხურვალე,
იმაზე უფრო წითელი, ვიდრე - წითელა, ანდაც - წითურა, 
ყბაყურაზე ხომ არაფერს ვამბობ.
და ჩუტყვავილას ყვავილები ამოზრდილიყო საფლავებიდან -
ეტყობა ვისაც არ მოეხადა, ემართებოდათ.
ყვავილებიდან ყვავილებამდე ხტოდა კალია,
ქარიშხალია, 
ოღონდაც ქვიშის,
(ყვავილობამდე კი დამთავრდება)
და მკვდრების სუნი კალიასაც სცემს,
და ეს კალია დაიჭირა ამ შავმა ჩიტმა,
რომელმაც ჩემი საფლავი იცის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი