სიყვარული


დიდი ხანია, საიდუმლოს ამოთქმა მინდა,
ისე ამოთქმა, როგორც მოთქვამენ ჭირისუფლები 
ბოლო ფულით ნაყიდ ძვირფას კუბოსთან.
დარწმუნებული არ ვარ იმაში, 
წერის დროს გული ამერევა თუ
როგორღაც ისევ შევურიგდები სიგიჟის ზღვრამდე მისულ 
ჩემი აზრების ბინძურ ქარბორბალას.
მაინც ვცდი -
წინ მხოლოდ ჩემი თავი მიდგას,
რომელსაც მარტივად მოვიშორებ,
რადგან არასდროს არ ჰქონია
ნებისყოფა და სიმტკიცე მაინც.

ვიცი, რთულია საიდუმლოს გათქმა, 
მაგრამ მგონია, უნდა იცოდე:
მე შემიძლია შვიდივე კონტინენტზე
სხვა ქალი მყავდეს, 
ისე მიყვარხარ.
ისე მიყვარხარ, 
ალბათ, შევძლებდი, 
შვიდივესთვის გამეყო სითბო, რომელსაც
ძველი გამათბობლის სითბოსავით მტვრის სუნი ექნებოდა. 
სხვანაირად არ გაიზომება 
ის სიყვარული, რომელსაც მე ვგრძნობ.
ქუჩის მეორე ბოლოში დაგინახავ და იქვე, 
მწეველის ფურთხივით გაყვითლებული კორპუსის
სადარბაზოში სასხვათაშორისოდ შევალ
და ათი წუთი დაგელოდები,
აქეთ რომ არ გამოიარო და შემთხვევით ერთმანეთს არ შევეჩეხოთ,
ისე მიყვარხარ.
თავს ავარიდებ სიტყვის თქმასაც კი
მაშინ, როდესაც შეუჩერებლად წარმოგიდგენ მოლაპარაკეს,
და როცა მომწერ რამე წერილს,
ძველებურ სტილში,
სიტყვას უკან არ დაგიბრუნებ,
ისე მიყვარხარ.
ვერ იზომება სხვანაირად ეს სიყვარული.
შენი სახე გულს დამიკაწრავს,
სადაც ვიქნები, 
როგორც ვიქნები,
როცა ვიტყვი, რომ აღარ მახსოვხარ,
რომ ყველაფერი შეცდომა იყო,
რომ საკუთარ თავს არ ვეცი პატივი,
რომ ვნანობ შენთან გატარებულ ყოველ წუთს და წამს,
რომ არასოდეს არ მომინდება შენი ყურება,
ისე მიყვარხარ.
არ შეიძლება, სხვანაირად გამომივიდეს,
არ შეიძლება, თბილი სიტყვა გითხრა მას მერე,
რაც სიყვარული გამიათმაგდა. 
ადამიანი ვერ აიტანს ამხელა გრძნობას, 
ასეთ სიყვარულს,
ასეთ ლამაზს და ასეთ სამწუხაროს.
სამწუხაროა.
დიდი სიამოვნებით ავიტანდი,
ეგ რომ შემეძლოს.
მხოლოდ გაქცევა შემიძლია და -
კიდევ ერთხელ: სამწუხაროა -
გასაქცევი ადგილებიც ბევრი არ დარჩა.
სულ ყველა ქვეყნის ყველა წერტილს შემოვივლი,
ისე მიყვარხარ.
ყველა ბედნიერებას გავექცევი უკანმოუხედავად,
უბედურებებს ზედაც არ მივაფურთხებ,
ქონებაზე და გონებაზე ხომ საუბარიც არ მაქვს - ორივე ზედმეტია; 
ვერასდროს ვიგრძნობ იმ სუნს, რომელიც
თავს დღე და ღამე სახლში მაგრძნობინებდა;
აღარასოდეს ჩავიცვამ შენს გამონაცვალ პიჟამოს შარვალს;
აღარ დაგიცდი ყოველ საღამოს,
ჭიშკრიდან როგორ გამოაბიჯებ;
აღარ მოვკვდები ღამეში სამჯერ 
იმის გამო, რომ ჩემი არა ხარ;
აღარ ვიფიქრებ შენზე იმდენს, რომ
ფიქრებმა კარი შემოგინგრიონ;
არ ავიტკიებ გულს იმიტომ, რომ
დილით შენ ჩემზე ინერვიულო;
ახალ ჯაგრისსაც აღარ გიყიდი,
ისე მიყვარხარ.

რთულია, ასე გიყვარდეს ვინმე;
რთულია, ყოველ წამს ახალ ცხოვრებას იწყებდე 
და ყველა ახალ ცხოვრებაში იმას ხვდებოდე,
ვინც ასე გიყვარს.
უფრო რთულია, არ შეხვდე არსად,
როცა შორიდან ასე ეძახი,
როცა ვერ ითმენ, რამით აწყენინო და
მერე ისევ ახალი,
ოღონდ ამჯერად სულ-სულ ახალი
ცხოვრება გქონდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი