ლუდას
როგორ ვცდილობდი, არ დამელია, მაგრამ - ამაოდ. ეს ფრაზა - ,,მაგრამ - ამაოდ" - ცხოველ მოგონებებს გიჟივით მიცოცხლებს, და იქ მაბრუნებს, ფეხებმორყეულ ხის მაგიდასთან, სადაც დედაჩემი მიზის გვერდით და სკოლაში საწერი თავისუფალი თემისთვის ფრაზებით მამარაგებს - აი, მაგალითად, ,,მაგრამ - ამაოდ". ამის გამო, კარგად მახსოვს, მასწავლებელმა ყველას თვალწინ ხმამაღლა შემაქო, ისიც თქვა ჩემზე, როგორ ეტყობა, წიგნებს რომ კითხულობსო, არადა მე ხომ სულ ორი წიგნი მქონდა წაკითხული, და ორივე - დინოზავრებზე. როგორ ვცდილობდი, ის არაყი არ დამელია, მაგრამ - ამაოდ. ათენშიც ხომ ეგრე მეგონა, არ დავლევ-მეთქი, და, აჰა, შეხედე, თავი სად ამოვყავი - ორი დღე შენზე მეფიქრებოდა. შენ მიყვებოდი, როგორ მოგიკვდათ სტრიპტიზ კლუბში ერთი ქართველი გოგონა კოკაინის ზედოზირებით; როგორ ღელავდი, შენი ძმა რომ არ ბრუნდებოდა უკრაინიდან; როგორ გინდოდა ოდესაში დედასთან ჩასვლა. მე გიყვებოდი, რომ ცხოვრებაში აზრი არა აქვს წამით არაფერს, მაგრამ ეს ომი შენს სამშობლოში, რომელიც ყველას სამშობლო გახდა, უნდა დამთავრდეს; მერე ვამბობდი, ვიცი, რუსულად ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ენა სულაც არაა პუტინის ენა, არამედ - ესენინის-მეთქი, და ესენინის რითმებივით მოქნილად შეგიცურე ჩემი არანაკლებ მოქნილი ენა მეორე პირის მხოლობით რიცხვში. რა რთული იყო, თუ კარგად გახსოვს, რომ კიდევ ერთი არ დაგველია. რა რთული იყო, თუ გაიხსენებ, არ დაგველეწა შენი უფროსისთვის ჩვენი დაცლილი კოქტეილების ჭიქები თავზე. მით უმეტეს, რომ ასე მარტოები, რაღაც მიზეზით, მაგრამ - ამაოდ, შევხვდით ერთმანეთს, და შენ გტკიოდა შენი სამშობლო, მე კი მტკიოდა უსამშობლობა, და მე ვიცოდი, შენი ტკივილი სამშობლოს მიმართ იყო ტკივილი უსამშობლობის. შენც მოკვდებოდი ათას ზღვის იქით, და მეც მოვკვდები ასი მთის იქით, და ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს - ვერც ომი და ვერც სიყვარული. ჰო, სამწუხაროდ, მაგ სიყვარულს რაც შეეხება, არ მავიწყდება, როგორ მითხარი, აქ აღარ დარჩე, თორემ შემიყვარდებიო. არა მჯერა, რომ თავი მოგაბეზრე - ჩვენ ხომ ასე გულწრფელად გვისმენდა მთელი სტრიპტიზ-კლუბი, მერე ხომ ასე გულწრფელად მოგვიჯდა კატიუშა, რომელსაც ასე გულწრფელად ვუმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი; ხომ ასე გულწრფელად შურდათ შენს თანამშრომლებს, რომ ინგლისურად ენას არ იმტვრევდი ჩემთან, არამედ ენას ვამტვრევდით ერთმანეთს მე და შენ. ,,გავა სამი თვე, და დავბრუნდები ოდესაში," - შენ იძახოდი, - ,,დედას ვნახავ და საღამოობით მეგობრებთან ერთად დავლევ ხოლმე". ერთი-ორჯერ დაიჩივლე, რომ, სამსახურის გამო, ალკოჰოლს შეეჩვიე. მაგრამ, ჯობია, ნელა მოკვდე, ვიდრე იმ ქართველი სტრიპტიზიორივით - ერთბაშად, კოკაინის ზედოზირებით, ან იმ ჯარისკაცივით წამიერად, რუსული ტყვია რომ იმსხვერპლებს შენს სამშობლოში. ბოძზე ცეკვავენ ტანია, დაშა, მკერდს იშიშვლებენ, მაგრამ - ამაოდ. ასე დავწერდი ,,მაგრამ - ამაოდ"-ს სკოლის თემისთვის. და არა მჯერა, რომ ყველაფერი იმ ევროების გამო მითხარი. თავს გაუფრთხილდი. ვიცი, გახსოვარ. მე შენი სახე მავიწყდება, მაგრამ ეგ კლუბის განათების ბრალია. მანდ კატიუშაც მომიკითხე. სამშობლო არ გვაქვს. არ დავბრუნდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი