განდეგილი


ძილგატეხილი დაფშვნილი თვალებით მივადექი ძია მამიას სახლის კარს...
მტეხავდა შიმშილით განწირული კუჭი...
მაგრამ შიმშილი ყველაზე უკანასკნელი იყო რაც ახლა მე ფიქრს მაბედვინებდა...
ალბათ იმიტომ რომ სითბო მწყუროდა,ადამიანური სითბო...
ალბათ იმიტომ რომ დედა მწყუროდა...
დედა რომელიც არასდროს მენახა,კერპად იყო გადაქცეული.
ადამიანის ფანტაზია ხომ საზღვრებს სცდება ყოველთვის.
ხოდა მეც საზღვრებს გაცდენილი ოცნება მიყვარდა.
ჩემს ოცნებაში ვზივარ დედის კერას მიფიცხებული და მის დაკოჟრილ ხელებზე ვდარდობ.
ფიქრებში ჩაძირულს ძია მამიას ძახილი მომესმა.
-მოდი შვილო მოდი,- მეძახის და ხელს მიქნევს.
მორიდებით ვუახლოვდები ძია მამიას,ის კი სიხარულით შემომცქერის, თავზე ხელს მისმევს სიყვარულით და ისედაც აწეწილ თმებს უფრო მიწეწავს.
-მოხვედი შვილო?!-მეკითხება სიხარულით და თვალები უბრწყინავს.
ის ჩემი ნავსაყუდელია,ჩემი სიმშვიდე, კერა რომელიც არასდროს, არასდროს მქონია.მე მასში ყველაფერს ერთად ვხედავ.
რიდით შევცქერი შორიდან როგორ დაფაცურობს ჩემი გულისთვის.
სუფრა გაშალა ძია მამიამ, მერე ერთად მივუსხედით მაგიდას ორი ობოლი.
ვზივარ ძია მამიას  მაგიდასთან და ცხელ სუპში ბავშურ სულს ვითბობ.
ეს მაგიდა ჩემი იმედია,იმედი რომელსაც ყოველ სტუმრობაზე დიდი სიფრთხილით ვეყრდნობი, ალბათ იმიტომ რომ ეს იმედი ძია მამიამ მაჩუქა და მეშინია ერთ სისხამ დილით ხელიდან არ გამომეცალოს.
გულში დარჩენილ სევდას ხმელი შოთის ყუასავით ვღრღნი და ყელში მომჯდარ ბურთს კი ვაიძულებ გადავყლაპო როგორმე.
იცით?! ქუჩაში გატარებული ბავშობა სევდით სავსეა, მაგრამ მაინც მიყვარს ოხერი სიცილი.
ხიდის ქვეშ ბევრნი ვიყრით თავს და ერთმანეთს მძიმე ცხოვრების ტარებაში ვეხმარებით.
იდუმალებით სავსე ღამე ჩვენი უზარმაზარი სიღარიბის და სიცივის მოწმეა,ღამე რომელიც კდემამოსილებით ჩაგვცქერის სევდიან თვალებში და ჩვენი დარდის ამოკითხვას ლამობს.
რამდენჯერ დამიწყევლია წყეული ღამე და ჩემი უბედობის პასუხი მასში მიძებნია მაგრამ ჩემი კითხვები მაინც უპასუხოდ რჩებოდნენ.
უბადრუკი ღამე კი ქამელეონივით იცვლიდა გამთენიისას სახის იერს და ასე გაფითრებულ გაფერმკრთალებული ფეხაკრეფით იპარებოდა დედამიწიდან.
დედამიწა კი უსირცხვილოდ ბრუნვას განაგრძობდა.
დაორსულებული სამყარო ახალ შობილებს სჩუქნიდა მიწას მაგრამ საკითხავი იცით რა იყო?ვინ როგორი ბედით იბადებოდა.
თუმცა როდესაც ერთხელ ჩემი ნაფიქრალი ძია მამიას გავუზიარე,მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
-არაუშავს შვილო.
-სიღარიბე ცხოვრებას გასწავლის.
-სიმდიდრე კი მხოლოდ მედიდურ ნაბიჯებს განახებს სადაც შეიძლება ადამიანობა ყოველ დღე ახლიდან დაკარგო,-მითხრა და შუბლზე მეამბორა.
- ეს სახლი შენია შვილო, თუკი დარჩები მე ხომ იცი შვილივით მიგიღებ,-მითხრა და ცრემლებით აევსო თვალები.
მაშინ მე პატარა ვიყავი არ მესმოდა ამ სიტყვების ფასი,წლების შემდეგ როცა ამ სიტყვების ფასი გავიგე, მაშინ უკვე ძია მამია ცოცხალი აღარ იყო.
მე ახლიდან დაობლებული ვიდექი ქარტეხილებით სავსე მიწაზე და ცხოვრებასთან ფარიკაობას განდეგილივით მარტო ვსწავლობდი.

ნატა ლეონე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი