იმედგაცრუება
მტკივნეულია როგორ გვიცრუებენ იმედებს ადამიანები... დრო გვჩუქნის გამოცდილებას,ცხოვრებასაც უფრო სხვა რაკურსით ვუყურებთ. წლებთან ერთად ღვინდები და შენთან ერთად ფიქრებიც მატულობენ, დასკვნებიც სხვანაირი გამოგაქვს ცხოვრებაზე და იმედგაცრუება ადამიანებზეც წლებთან ერთად მატულობს... რამდენჯერ მომიწერია ხელი იმედგაცრუებულ ოცნებებთან... თითქოსდა ზავს ვდებდი ცხოვრებასთან რომ მეტად აღარ მეტკინებოდა, ანდა უფროსწორად მეტად ვეღარ მატკენდნენ... ახლა კი ალმაცერად დავყურებ დადებულ ზავს და ტკივილით მეღიმება... საჰაერო ბუშტივით გაიზარდა და გაბევრდა იმედგაცრუება... თითქოსდა ტყუპისცალი შეეძინა და მატულობს. სულის სავანეში ოცნებები გამოფიტულან დრომ რომ დამიტოვა სახსოვრად. არ მინდა ვირწმინო რომ ნამდვილი არაფერი არსებობს ამ ქვეყნად,არც მეგობრობა, არც სიყვარული და აღარც ადამიანები... არ მინდა ვირწმუნო რომ ერთმანეთის იმიტაცია ვართ,ეგრეთწოდებული ფოტო კოპიები,თუმცა ხშირად სხვა გზას არ გვიტოვებს ბედისწერა. ნაჩუქარ ოქროს მელხიორად ჩაგითვლიან და ტკბილ სიტყვას მწარედ მოგინათლავებ, მერე უმადურ მზერასაც გამოგაყოლებენ თითქოსდა ეგრეთწოდებული ვალი ვერ გაისტუმრე. ტყუილად კი არაა ნათქვამი "უმადურ კაცს მთელი ქვეყანა რომ აჩუქო გეტყვის მეტი მეკუთვნოდაო" კლიალოსანივით ვატრიალებთ ხელში იმედებს მერე კი ვიღაც უგულო მოდის და სათუთად აწყობილ იმედებს გიწყვეტს... შენ კი ფიქრობ,- ეჰ ცხოვრებავ. რამდენი უნიათო ადამიანი მყოლია გარშემო. რამდენ ცხოვრების გამოცდაში ჩავიჭერით და რამდენიც კარგად ჩავაბარეთ, თუმცა ფრიადოსნობაზე ვინც ოცნებობდა მან ყველაზე ცუდი ნიშანი მიიღო. ვინ იცის კიდევ რამდენ გამოცდას გვიწყობს ბედისწერა, მაგრამ ეგებ ყველაზე მთავარი არ დაგვიწყებოდა, დავრჩენილიყავით ადამიანნი და მერე სუფთა გულით გვეჩურჩულა მამაო ჩვენო. ნატა ლეონე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი