სადღაც...


სადღაც ყოველი სრულდება, ალბათ,
და წელში ვტყდებით ვით-სუსტი ღერო,
სანამ მიხმობენ დამდაგველ ალთან,
შენთან მელიან მე, ლუციფერო,
შენთან მოვიტან სასწორის პინით,
რომ ამიწონო ცოდვა და მადლი,
თუ გადაწონის სიკეთის წილი,
თურმე არ წამყვა არავის ვალი.
მაგრამ ვაი, თუ იმარჯვოს ცოდვამ
და გავიწირო ჯოჯოხეთისთვის,
იქნებ, ლექსებით პოეტურ ბოდვას
არა ჰქონია ბოლო კეთილი?!
იქნებ, შეცდომად მითვლიან იმას,
სულს რომ ვაშიშვლებ ანაზდეულად
და ვერ მოვისმენ ვეღარცერთ წირვას,
ვერც-საგალობელს არამეულად?!
იქნება, ლექსიც მისნობა არის,
ჯადოქრის სიტყვით ნასაზრდოები,
მაშინ წერისთვის ჯილდოა ალი,
დაფნას შერჩება კვლავაც რტოები.
რადგან სულს ვჩუქნი სტრიქონებს, ბწკარებს,
ალბათ, უსულოს სამოთხე არ მაქვს,
არ მომელიან, კეტავენ კარებს
და სულის ნაცვლად რითმები დამაქვს...
ჰე, ლუციფერო, მომხვიე ხელი,
მე მაინც შენკენ სავალს მოვყვები,
თუ სიტყვათმქარგველს სასჯელი ელის,
ლექსებით მომაქვს ჩემი ცოდვები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი