შენ შეიძლება


შენ შეიძლება ამიტაცო მეცხრე ცის ზემოთ,
შენ შეიძლება მაცლევინო სიამის თასი,
ველური ,,ტანგოს" რიტმზე ისე გზნებით მაცეკვო,
თითები გქონდეს გაბნეული ჩემს გიშრის თმაში.
მე შეიძლება ისე დავყვე შენს კაცურ ძალას,
მე შეიძლება ისე დავწვე შენს ძლიერ მკლავზე,
როგორც ავაზა-სითბოსთვის რომ მზის გულზე გაწვა
და ნეტარებას მისი თვალთა მინაბვა ამხელს.
მაგრამ სიფხიზლე არ მღალატობს, როგორც ამორძალს,
შენს ვნების ცეცხლში ჩავიფერფლე თუმცა მრავალგზის,
შენს მოგონებას დროის ჯარა ძაფად ჩამორთავს
და არ დაარქვა დავიწყებას-ქალის ღალატი.
შენ შეიძლება დამაჯერო ის, რაც არც გითქვამს,
მამოგზაურო სხვა სივრცეში ზეცის და მიწის,
მაგრამ ვერასდროს ვერ ამომხსნი, ვერ წამიკითხავ,
შენთვის არასდროს არ ვიქნები გაშლილი წიგნი!

მე შეიძლება მიყვარდი და სიმორცხვით არ ვთქვი,
შენ შეიძლება გიყვარდე და ვერც მიხვდე, რა გჭირს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი