სარკის წინ ვდგავარ...
სარკის წინ ვდგავარ, ჩამოვიშალე თმა-ნაფერები, ნასათუთები, და გამახსენდა, როგორ მხატავდი, როგორ შემქმენი ნაზი ფუნჯებით. ღიმილით ვუმზერ კეკლუც ორეულს, შენ რომ ასწავლე უცხო სიამე, წამოდი ჩემთან, მომიახლოვდი, შენს ტკივილებზე ჩუმად მიამბე. მერე დამხატე, როგორც მადონა, იყავი ჩემი ჯოტო, ჯორჯონე, ისე მაქციე მეც საოცრებად, შურდეთ ვენერებს, ლიზებს, ჯოკონდებს. თუ მოგწყინდება, დავწეროთ ერთად, ვიქნები შენი მეგზური, მუზა, შეგეშველები, თუ დაიღლები, ახლოს ვიქნები ყველგან და მუდამ. გინდა?მე მოგწერ, ვით ჟოზეფინა, როცა ბონაპარტს ელოდა სახლში, ოღონდ დამპირდი, რომ დაბრუნდები და არასოდეს არ გამცვლი სხვაში. გაჩუქებ ლექსებს, მზიან ღამეებს, სუნთქვით გაგითბობ გაყინულ თითებს, შენ მომიყვები, რა იყო წინათ, შევეხიზნებით ზღაპრებს და მითებს... მე შენ გიპოვე, იქნებ-პირიქით? ეს ან ბედია, ან გამართლება, იყავი ჩემი პიგმალიონი, აჩუქე შენს თავს მე-გალათეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი