შენი სახელი
მომესურვილე, ისე ძლიერ მომესურვილე, ფიქრში შეირხა ჩიტის ფრთები-შენი სახელი, ისეთ სევდისფერ მოგონებად მომეწუხილე, ამიერიდან შავ თვალებში შემისახლდები. გადამეყარე, ოჰ, ისეთ დროს გადამეყარე, როცა დაღმართებს ჩავუყევი თავქვე ეული, ღამეს შემორჩა ერთადერთი ძაღლი მყეფარე და შემომყმუვლა უშენობა-დარდზეც წყეული. გადამეჩვიე, ნეტავ, როდის გადამეჩვიე, როდის დაინგრა ბედისწერის ჩემი გოდოლი?! ეს შენ შეგეძლო, დაღუპვისგან გადაგერჩინე, მაგრამ დამტოვე ქარიშხალში კენტი ფოთოლი... შენს სახელს ზღუდედ შემოვაქსოვ ჩემს სიმარტოვეს, მაინც მიყვარხარ, თუმცა ჟამი ჩემი გავიდა, მე არ ვიყავი შენი სწორი და მიმატოვე, ტკივილად დამრჩი, საოცნებო სემირამიდა. მომესურვილე, ოჰ, რარიგად მომესურვილე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი