შენს სიყვარულში მიწერია გაუკვდავება
შენს სიყვარულში მიწერია გაუკვდავება, ამაზე მეტი რა შევთხოვო, არ ვიცი, გამჩენს, და როცა მარტის მზე ალუბლებს დაუზავდება, როცა აპრილი თავის ვნებებს საქვეყნოდ აჩენს, მე შენთან მოვალ და სხვა ქალებს გაუავდრდებათ, შურის ღრუბელი ჩამოწვება ამურის ცაზე, შენს ჩემით სავსე თვალებს ისე გაუხარდებათ, როგორც ბედუინს-ოაზისი, ცვარ-ნამით სავსე. შენს სიყვარულში შევიცანი სამყარო, ჩემო, ვიპოვე, რასაც ვეძიებდი ოდითგან ყველგან, არ გაიკვირვო ახლა ასე თუ გწერ და გჩემობ, შენ ხომ არ იცი, ვინ ვიყავი შენამდე, ძველად. შენს სიყვარულში მიწერია გაუკვდავება, შენი ჩემდამი გრძნობა გახდა ამის თავდები, გახსოვდეს, როცა მარტი ქარებს დაუზავდება, მე შენს მკლავებში ხელმეორედ დავიბადები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი