აღსარება
ცის მორევში ვარსკვლავები იხრჩობოდნენ, მოცურავდა მთვარის თეთრი ხომალდი, მონატრების ლავისაგან წალეკილი, ძლივს, მიმქრალი ვულკანივით ვბოლავდი. შორით ჩანდა მოგონების მთის ნაშალი და მდინარეს დავიწყება მოჰქონდა, აღარავის სჯეროდა, რომ ვიცოცხლებდი, თუმცა ჩემს გულს არ იცნობდნენ ბობოქარს. რას ვმალავდი წიაღში და ღიმილს მიღმა, არასოდეს არავისთან გამითქვამს, სადარდელმა ვერ დამაკლო ვერაფერი, როდის იყო ერეოდა ჟამი-ქვას?! მერე, რა, თუ იმსხვრეოდა მირაჟები, მერე, რა, თუ ვეწირვოდი ზვარაკად, ჩემი იყო, მინდოდა და ვევნებოდი, სიყვარულში დამარცხების არა მწამს. ახლა თუმცა მოგონების კლდეზე ვცხოვრობ და ძირს მითხრის დავიწყების მდინარე, ასე ვწერე ჩემი ბედის სავალები, განგებას არ დავხვედრივარ მძინარე. მიყვარდა და ვულკანივით ვდუღდებოდი, ვტოვებდი და ხანძარს ცრემლით ვაქრობდი, მთავარია, რომ ცხოვრება შევიგრძენი, ხან ვდუმდი და ხან ქარივით დავქროდი. ცის მორევში ვარსკვლავები იხრჩობოდნენ, წლები მწნავდა, როგორც თოკებს საყულფეს, ჩემს ცხოვრებას მე ლექსებში ვინახავდი, როგორც ქალი-დედისეულ საყურეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი