მოდი...
მოდი, საოცნებო სახლი ამიშენე, კედლებად აქციე სათუთი ლერწმები, ფანჯრები იების კონით დამიმშვენე, ფარდად დამიკიდე ეგ შენი ლექსები. ოთახებს არ ჰქონდეთ საკეტი კარებზე, ვმალავდეთ არაფერს, გარდა-ტკივილების, მე მჯერა, სადარდელს გამიქრობ სახეზე, დამატკბობ შენს მკერდზე მყუდროდ მიძინებით. ჭერი მომიხატე სიქსტის მადონებით, ვიცი, რომ შენ შეძლებ ჩემთვის შეუძლებელს, მე ახლა, ტბის პირას ისევ მაგონდები და გულით გატარებ ისევ შეუხებელს. მოდი, იატაკზე მოფინე გვირილები, შიშველი ფეხებით ვივლი ფიანდაზზე, ეზოში ვახაროთ წყვილი ტირიფები, აღარ იტირებენ ჩვენს თბილ ნიადაგზე. მოდი, ჩამოვკიდოთ ხეზე საქანელა, მიყვარს შენ წინაშე ქარში გაშლა თმების,- შენ რომ შეაფასე ერთ დროს საქალეთად, აი, იმ საღამოს, როცა...ალბათ, ხვდები. მოდი, ამიშენე ოცნების სასახლე, გახსოვდეს, ამაოდ სულაც არ დაშვრები, კარი გამიღე და შენთან დამასახლე, მე უნდა გაჩუქო მზისფერი ბავშვები. მოდი, ამიშენე სახლი სიყვარულის, და მერე იგემებ რაა სიხარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი