წუთის ორი სოფელი
რაღაც დამთავრდა ან იქნება, დაიწყო კიდეც, სადღაც, მზის მიღმა, სხვა სიცოცხლის სხვაგვარ განცდაში, იქნებ, უკეთეს სამყაროში გაიყოლიეს და ამაოა ყოველგვარი შიში, განგაში?! რა არის იქით, ვის უნახავს ან ვინ ამოხსნა? საით მიდიან სიჩუმეში პილიგრიმები? სად გაიშალა, ის ყვავილი, აქ რომ ამოხმა? ვისგან ქვა დარჩა, ვისგან მხოლოდ-ცვილის გრიმები... სად არის ყოფნა-აღარყოფნის უძირო ზღვარი? არ შეიძლება, რომ არარა იყოს გზის ბოლოს, რომ ჩამავალ მზეს სევდიანად უმზირო ზღვაში და დაიჯერო, ფინალური არის სიმბოლო. არა, არა მწამს, რომ გადასვლით რამე სრულდება, ტყუიან, თითქოს, გველოდება არყოფნის დარდი, სანამ შორს წასვლის განაჩენი აღესრულება, საიმქვეყნიოდ ვემზადებით ამ სოფლის ბარგით. ...და არაფერი მტკივნეული წინ არ მოგველის, ცის იქით კიდევ სილურჯეა, არა-სიცივე, მე არასოდეს არ გავხდები დღეთა მგმობელი, იმ სამყაროშიც მოვიპოვებ ჩემს წილ მზის სხივებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი