იმედისფერი განთიადი


ალმახებივით დაწინწკლულან ფოთლები უკვე
და დაცურავენ ქარვისფერი სევდის მორევში,
მაგრამ მე მაინც იმედისფერ განთიადს ვუხმე,
უმისამართო წერილების წერას მოვეშვი.
გადაიხვეწნენ ტკივილები ჩემი ზეციდან,
აღვმართე სულში შეურყევი რწმენის ბომონი,
მოგონებები გადაიქცნენ ცისფერ ზეფირად,
აღარ დაიდგეს უნაგირი ბედის მონობის.
ახლა არ ვებრძვი ლამანჩელის ქარის წისქვილებს,
ვისწავლე ტკბობა, რაც მომეცა, რაც ჩემად ვთვალე,
შორეულ ხევში შემოდგომის ღამე იწივლებს,
მაგრამ სიმშვიდე შეერია უკვე ჩემს თვალებს.
კალმახებივით დაწინწკლულან ხეთა ფოთლები,
დაგუბდა ჩემში ზამთრისწინა თეთრი სიწყნარე,
აღარ მაღელვებს, რას იტყვიან მეტაფორებით,
მე იმედისფერ განთიადთან წილი ვიყარე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი