ნიღბების გალერეა


მე ბევრი ვიარე წიგნის სამყაროში
და ყველას ვეთხოვე ცოტა ხნით ნიღაბი,
რაც ვნახე, რაც ვთქვი და რასაც ვეზიარე,
ხან იყო ნამდვილი, ხან შემრჩა მირაჟი.
ყოველღამ ველოდი გოდოს მოთმინებით,
იმ რაინდს, ოდესღაც გული რომ მომპარა,
მე ანაც ვიყავი, ვრონსკის კარნავალზე
და კაცთა მაცდურიც, თვით-სკარლეტ ო'ჰარა.
როცა თენდებოდა, ჟოფრეის ვეძებდი,
რათა გავეტაცე ზღვის მბორგავ ტალღებზე,
არავინ მიყვარდა ისე გაგიჟებით,
როგორც ვოცნებობდი სერ დარსის თვალებზე.
წერილიც დავწერე უცნობი ქალისა,
უარით ვაწამე ბედკრული იდენი,
ბოლო ამოსუნთქვა საყვარელს ვაჩუქე,
კურტიზანს მიხსენებთ დღეს კამელიებით.
ობოლიც ვიყავი, ამაყი აღმზრდელიც
და სევდით მოვხიბლე გრაფი როჩესტერი,
მრავალი წლისა და ეპოქის გადაღმა,
ჩემს გმირად დავსახე მე ოტო კესტერი.
პაოლა ვიყავი, შევტრფოდი მეუღლეს,
,,მეწამულ ღრუბელსაც" ვადარე მრავალგზის,
მაგრამ ის სიცოცხლე ისე დავასრულე,
ვერ მიხვდა ვერავინ, გულში რას ვმალავდი.
ნიკოლიც ვიყავი, შეშლილი ქალღმერთი
და დიკიც მინდოდა შეშლილად მექცია,
მაგრამ ისე ახლოს არავინ მოსულა,
როგორც შევიგრძენი ერთგული მერცია.
...და ყველა ნიღაბი ერთბაშად მომშორდა,
უმწეო აღმოვჩნდი მე გრძნობის პირისპირ,
ასე სიყვარული მხოლოდ ჩვენ გვჩვევია,
ბოლომდე ვიტანჯეთ მე-ჩემ და ის-მის წილ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი