ვყვები...


ფიქრებს შევუკეცე საბანი 
და ძილი ნებისა ვუსურვე,
ლოცვა ჩავაყოლე განბანილთ,
ტკივილს მოგონებით ვუურვებ.
ვყვები, აწ გაფრენილ სინორჩეს,
როგორ ავუწეწე ფაფარი,
როგორ დავემსგავსე ხის მორჩებს
და შორს მოვიტოვე ზამთარი.
ვყვები, ვარსკვლავნაფრქვევ ტატნობზე,
ზედ რომ ამოვქარგე სურვილი,
სიყრმის შორს დარჩენილ სატრფოზე,
ბედად თან რომ დაჰყვა დუმილი.
ვყვები, განსაცდელზე ძლეულზე,
ქარს რომ შევერიე ქარიშხლად,
როგორ გავიმარჯვე გრძნეულზე,
სულს რომ მიწვეთებდა დარიშხანს.
ვყვები, ვერახდენილ სიზმრებზე,
დღეთა ამოუხსნელ ენიგმას,
დარდის თავშესაფრის ხიზნებზე,
დრომ რომ ღიმილებით შენიღბა.
იყო ყველაფერი განცდილი,
რაც მჭირდა, რაც სხვებმა მაწუხეს,
მაგრამ ვერაფრით ვერ გავცილდი 
ადამიანობის მარწუხებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი