თავს არ იკლავენ ჩემნაირი ქალები, არა...


თავს არ იკლავენ ჩემნაირი ქალები, არა,
ჩვენ მარადიულ ტკივილებით ვებრძვით სიცოცხლეს,
ჩემი სნეული მონატრება ნისლებად დაწვა
და მზის კალთაში უბედობას ცრემლით იოხებს.
თავს არ იკლავენ ჩემნაირი ქალები, არა,
ჩვენ ოქროცურვილ ოცნებებში ვრჩებით მიჯნურად,
ბაიისფერი ყვავილები ჩვენს სავალს ფარავს
და გვიხსენებენ სევდიანად ლეილ-მეჯნუნად.
თავს არ იკლავენ ჩემნაირი ქალები, არა,
სულს ეწვეთება თუმც ნაღველის მწარე ისრიმი,
ჩვენ სიხარულად იის ნაზი სურნელიც გვკმარა
და ვარსკვლავივით გვიციმციმებს თვალთა ირისი.
თავს არ იკლავენ ჩემნაირი ქალები, არა,
ჩვენი სისუსტე გრძნობებია ვერგამხელილი,
რადგან ვატარებთ მოკრძალებას მეწამულ კვართად
და დაგვაქვს ფრთები, თვალებივით ვერახელილი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი