არ დაითვალო...


არ დაითვალო ვის აჩუქე შენი ღიმილი,
ვინ დაგიბრუნა, ვინ უარყო, არ დაითვალო,
თორემ ინანებ, რომ გაეცი ვინმეზე მეტი,
სჯობს, სხვას მართებდეს, შენ კი თავი არ დაივალო.
არ დაითვალო, სიყვარულით სავსე წუთები,
ზოგჯერ ერთ წამში ირეკლება წელთა ქრონიკა,
არ დაითვალო ვინ წავიდა შენი გზებიდან,
ან ვინ შემოგრჩა გასაჭირში ერთგულ მოჰიკნად.
იდინონ წყლებმა ერთხელ ნაკვალ კალაპოტებში,
არ დაითვალო, რა წაიღეს, რა გადათელეს,
არ დაითვალო ოცნებების კლდეზე ნატანჯი
რამდენი ვინმეს მოტეხილი ფრთა გაამთელე.
არ დაითვალო, ვინ გატკინა ცილისწამებით,
ვინ დაიმძიმა სული შენი ცრემლების ფასად,
არ დაითვალო, თორემ შენც სხვებს დაემსგავსები,
სხვები კი...სხვები სულ იოლად ვეჩვევით ფარსსაც.
მინდოდა, მეთქვა კიდევ ბევრი ,,არ დაითვალო",
მაგრამ სათქმელი ენის წვერზე მაგრად გავბოჭე,
მზის სხივებივით აქეთ-იქით მიმობნეულებს,
გთხოვ, ნუ დაითვლი დედის თვალთან ნაქარგ ნაოჭებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი