სერაფიტა
„..იყო კეთილი და ლამაზი, რომლის მსგავსი არავინ იყო სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.“ /წარწერა არმაზის ბილინგვაზე/ *** ეს მე ვარ-ასული ზევახისა, მარადახალგაზრდა სერაფიტა, ეს მე ვარ, მშვენება არმაზისა, ლეგენდა უძველეს სამარიდან. მოვასწარ, მიყვარდა გაქრობამდის, სანამ დამფარავდა სარკოფაგი, არ მწადდა სიკვდილთან პაემანი, ვამრავლე ლოცვა და ვაებანი. მტკვარმა დამიტირა,-ღვთაებაო, კერპო, მზისდაროო სანეტარო, ქვესკნელს სიბნელეა, სად მიხვალო, მთვარე გაიყოლე, თან იახლო... გახსოვდეთ, სამარხი არმაზიდან, მცხეთის უწმინდესი ქალაქიდან, მითებს შერჩენილი სერაფიტა, ცაში მივლენილი სერაფიმად. ამოკითხულია ჩემი ქვა-ფიქალი, იტირეთ, არმაზის საფიცარი, კიდევ ბევრს აუწყებს ეგ ბილინგვა, მის ქვეშ რომ მზესავით ქალი იწვა. მოჰყევით მითებიც, ნამდვილიც, არაკიც და მომიხსენიეთ სიკვდილის ზვარაკი, მაგრამ არ გაბედოთ ჩემი სიბრალული, რადგანაც ვიგემე წრფელი სიყვარული. ... ეს მე ვარ-ასული ზევახისა, მარცვალი სიცოცხლის ვენახისა, მზედაბნელებული სერაფიტა, ვარსკვლავი საიქიოს თეატრიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი