როგორც გული...
როგორც გული, მიიწურა იანვარიც, თბილისს ისევ რუხი ღრუბლის ჯარი ფარავს, აღარ გეძებ, უშენობას დავუზავდი, ჩამოვჯექი ფანჯარასთან და გწერ ბარათს: ,,როგორა ხარ? ისევ გიყვარს ხეტიალი? გახსოვს ბრამსი, ნელი ცეკვა, ჩემი კაბა იმ ცეკვისას შემოხედვა ვნებიანი, სუნთქვის შეკვრა, მოკრძალებით თავის დახრა... ისევ გხიბლავს თმების შავი ჩანჩქერები, (თუ ოქროსფერს შეაპარე თბილი მზერა?) თუნდაც გზებზე ყოფილიყო ნამქერები, ჯიუტად რომ მოიწევდი მათ საცქერლად... და ის კაფე, სადაც ბოდლერს მიკითხავდი, იცი? ახლა იქ სულ სხვა წყვილს შევეყარე, აღარ მივალ, გაბუტული მივტრიალდი, ჩვენს კუთხეს რომ უცხოები შეეფარნენ... მე მიკითხავ? გეტყვი, როგორ მოვიარე უშენობის უდაბნო და ოკეანე, ვინ არ შემხვდა, მაგრამ შენებრ, ვაღიარებ, ვერ კითხულობს ვერვინ ქვეყნად ამ ჩემს თვალებს. ისევ გართობს გახსენება ჩემი კრძალვის? ისევე მთვლი ამავე დროს-ანცად, ჭინკად? იმ სიმორცხვის მიღმა, ჩუმად, გულში, მალვით, მიყვარხარო, მთელი ძალით ბევრჯერ მითქვამს. გახსოვს, შენი მუდამ ჩემით გაოცება: ,,-სად მთავრდება შენში ბავშვი, ვეღარ ვიგებ, ქალი თუ ხარ, შემიბრალე, მაკოცე და დავეხსნები ამ ეჭვიან, მტანჯველ ფიქრებს." ასე იყო, ასე არის ახლაც, იქნებ, ჩემში იმ ბავშვს ცალი თვალით ისევ ღვიძავს, მე გიხსენებ, ჯერ არ ვითვლი ნაოჭს ვიდრე და ღიმილი დამთამაშებს ვიდრე მძინარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი