მე ისე ვიცხოვრე...


მე ისე ვიცხოვრე, როგორც კი მესმოდა,
და როგორც შემეძლო, გზად ვთესდი ღიმილებს,
ქალიც ვიყავი და ხან კაბა მემოსა,
ხანაც ანგელოზის ფრთებით ცად ვიფრინე.
ცოდვებიც მქონია, (არ მიყვარს სიცრუე,)
ხან ისე მეწვოდა დარდის უთქმელობა,
გამძარცვა სითბოსგან სამყაროს სიყრუემ,
წამართვა სიკეთე მქონდა, თუ ქველობა.
ტკივილზე ვაფენდი სულ ყველას სალბუნებს,
სხვებისთვის ვიღებდი გულს ჩემი მკერდიდან, 
და როცა მე მიჭირს, ზარები დადუმდნენ,
არ ველი დღეს შველას არავის ხელიდან.
მე მხოლოდ მიყვარდით, გითხარით ალბათ, ვერ,
არც არას ვითხოვდი, გაგების უმეტესს,
და რადგან მე უკვე დარდებმა დამნაცრეს,
ცხოვრებას მოველი იმ ქვეყნად უკეთესს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი