გინებივრდები
გინებივრდები, შენს სიყვარულს ვიმშვენებ რიდედ, თვალებმინაბულს შენი სუნთქვა მელამუნება, ამ ქვეყანაზე არაფერი არ შეედრება შენს სიახლოვეს, შენგან მოგვრილ ნეტარ ცდუნებას. გინებივრდები, რადგან ვიცი, არ შემელევი, ჩემშია შენი არსებობის ჯადო-მისანი, შენი ხელებით ნაფერები ჩემი სხეული გამხდარა შენი გზა ხსნისა და სამოთხისანი. გინებივრდები, უფალს ვმადლობ ქალად ყოფნისთვის, ხელისგულები დაგიფარე ნაზი ამბორით, ჩემი გრძნობები შენგან სულის ჩუქებას ითხოვს და მაპატიე ეს ეჭვებიც, ქალის ამბოხიც. გინებივრდები შემორჩენილ ბავშვურ სიანცით, სულის კივილი რომ როგორმე გადაიფაროს, თუ გეყვარები, უკვდავებას ეზიარები, წყეულიმც იყავ, თუ როდისმე გადამიყვარო! ... მე შენი ნებიერა ვიყავი, მიყვარდი, ტკივილამდე მიყვარდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი