დასასრულის დასაწყისი


ცვილისფერ მთვარეს გაუტყდა ძილი,
ღრუბლის ნიღაბი ჩამოიფარა,
შენმა თითებმა ჩემს თეთრ სხეულზე
ყველა ბილიკი ჩამოიარა.
ფარდა ყვავილებს ზედ ახევს კალთას,
საათს შეუწყდა რიტმი და პულსი,
ჩემი თვალების მზერა-წახნაგი
დანის წვერივით გესობა გულში.
ჩაწყნარდა ქარი, დამშვიდდა ფარდა,
სული ამოსდით სიბნელის მცველებს
შენი სურნელი წვება ჩემს თმაზე,
ვნება იურვებს სურვილის ველებს.
ცვდება უკუნი, მოდის სილურჯე,
ცოტაც და ლაჟვარდს ჩაიცვამს ზეცა
ნაკოცნ მკლავებზე სიგრილე მოვა,
უწინ რომ შენი ალერსი ეცვათ.
სიმშვიდისფერი დადგება წამი,
მთვარეს ღრუბლები ქარმა მიჰყარა,
მე ჩავისუნთქავ შენს ნაცნობ სურნელს,
ამოვისუნთქავ-აღარ მიყვარხარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი