მოვა დრო


მოვა დრო, ალბათ, თეთრი ფერების,
წლები კვამლივით გამაბოლებენ,
ჩაწყნარდებიან ვნების ჩქერები,
ქუჩაში თვალს არ გამაყოლებენ...
გადაიფრენენ წეროს გუნდებად
ჩემი ცხოვრების დღე-ღიმილები,
თვალს მივადევნებ როგორ ხუნდება
მკვეთრი ფერების მზე-ღიღილები.
წამომაფარებს ზამთარი საბანს,
შემაშველებენ ხელებს კიბეზე
და ღამ-ღამობით ცრემლებით დავბან
დარდ-მოგონებებს მზისფერ სიყრმეზე.
მოვა დრო, როცა ელვისებურად
სიბერისაკენ გამაქროლებენ
და მე ვიდარდებ, რომ ძველებურად
ქუჩაში თვალს არ გამაყოლებენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი