სინანული ანუ Femme fatale


დიდი ხანია, მივატოვე ძილის წინ ლოცვა,
სულის ხანძარში შემომადნა წმინდანის რიდე,
დიდი ხანია, მომეწია ადამის ცოდვა
და ქალად ყოფნა სინანულებს მძივივით მკიდებს.
დამსხვრეულ გულთა უდაბნოში დავალ მაცდური,
შიშველ ფეხებით სისხლისფერად ვტოვებ განაჩენს,
ციდანაც ისმის მეხთატეხა, როგორც დასტური,
რომ ცდუნებისთვის მომკითხავენ მერე დანარჩენს.
ღმერთმა ხომ იცის, ქალად შობა არ მითხოვია,
არც კაცთა გულის წარტაცების ვიყავი მდომი,
ჩემი ცხოვრება ხან-ზღაპარი, ხან-მითოსია
და ცრემლს ვაგროვებ სიყვარულის ნაპირთან მჯდომი...
მე კი მინდოდა, ვყოფილიყავ უბრალოდ-ქალი,
ჩამეცვა კაბა მოხატული მკვეთრი სინგურით
და როცა ჯერი მოვიდოდა ზეცაში წასვლის,
,,ავე მარია" ეგალობათ ჟამზე მიმწუხრის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი