ოდესმე


ოდესმე ისეთ ლექსს დავწერ,
სახელად დარჩეს ჩემ მერე,
ოდესმე ისე დავხატავ,
ავაფერადებ ბნელ ტევრებს.
ოდესმე ისე ვიმღერებ,
გული ამოხტეს ბგერებად,
ისე ნარნარად ვიცეკვებ,
გეჩვენებოდეთ გედებად.
ოდესმე ისე ავაგებ
ციხე-კოშკებს და ტალანებს,
მთების მიუვალ მწვერვალებს
ზედ შემოვაცვეთ ქალამნებს.
ოდესმე ისე ვიბრძოლებ,
მიხსენიებდეთ ამორძალს,
ამბობდეთ:-ქალი ის იყო,
სული გმირულად ამოხდა!
ოდესმე ისე ჩამოვქსოვ
მზისფერ ძაფებით ფარდაგებს,
ისეთ მუზარადს გავჭედავ,
არ სიზმრებია კართაგენს.
ოდესმე ციდან ჩამოვხსნი
აციმციმებულ მნათობებს,
მზის გულს მალამოდ დავაფენ
ჩემი სამშობლოს ნათოფებს.
ოდესმე ისეთ შვილს გავზრდი,
გამჩენი ქებით უდიდონ,
ისეთ მშვილდ-ისარს გამოვთლი,
შიგ გულში დავჭრი კუპიდონს.
ისე ვაჭენებ უხედნელს,
არ შემირცხვება ქალობა,
ჩემთვის ყოველი თენება
იქნება უფლის წყალობა.
ოდესმე მოვალ იებად
სულთა ბიბინა მინდორზე,
მაშინაც სიყვარულისთვის
ჩემი ლექსებით ვილოცებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი