იდგა იანვარი
იდგა იანვარი, თვე ჩემი შობისა, თოვლზე ორსულ ღრუბლებს ბინდი ერეოდა, ფიქრი მაწვალებდა მოსული შორიდან, გაყინულ ძარღვებში სისხლი მემსხვრეოდა. სიცივე ატანდა გულის ნაპრალებში, ცრემლები ვერცხლისფერ მარცვლებად მცვიოდა, გრძნობა-წაგებული თითქოს, კამათელში, თავის გადარჩენას ამაოდ ცდილობდა. იდგა იანვარი, როგორც განდეგილი, ტკივილს შეჩვეული, ღიმილს ვერ ვბედავდი, აღარ მიხაროდა ლექსი დაწერილი, სულს არ ეხებოდა ნახატი რემბრანდტის. აღარ მაღელვებდა გზები დათოვლილი, წლები წარსულისა დამედო ბორკილად, სულის ხსნას ვითხოვდი სხეულგათოშილი, მოვგავდი სიზიფეს-სულ ბედთან მორკინალს. ...და უცებ მოვიდა ღამე-შვება სულის, გაქრა მოლანდება შავ-ბნელი ქიმერის, იდგა იანვარი, ვედრებად ასული- თვე ქვეყნად შობისა ჩემი და ქრისტესი. /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი