გზები


ალბათ, ყველა გზა მთავრდება სადღაც
და ბილიკები ერთურთს ერწყმიან,
როცა შეხვდება ჩვენი გზა სხვისას,
მზერანაღვლიან სალამს ეტყვიან.
ალბათ, ყველა გზა იწყება სადმე,
ვინ ფეხით გადის, ვინ-სხვისი ზურგით,
ჩვენი სავალი შეწყდება სადღაც,
გადაქანცული დარდით და ურვით.
ალბათ, ბევრის გზა აბალახდება,
ბევრის ბილიკი იქცევა შარად,
ბევრის ერთ წრეზე დატრიალდება,
როგორც იღბალის უცვლელი ჯარა.
მიუყვებიან გზები აღმართებს,
ჩვენც მიგვათრევენ გრძელი საბელით
და წინ მრავალი კაენი გველის,
რომ ჩვენში ისევ მოკლას აბელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი