დრო
თვალს მივადევნებ ოცნებებს ჩემსას, როგორც გაფრენილ ბაბუაწვერებს, დრო დაუნდობლად გვძარცვავს და გვჩეხავს, დღეებს წუთები დაუნაწევრეს. ორპირი ქარი არხევს ნათურას, ქუჩის ხმაური თავს იხრჩობს ჭაღზე და ყველაფერი ისე გართულდა, ვფიქრობ ცოდვებზე, თოკებზე, ჭაზე... ვუცქერი კედელს მზერამიკრული, ოცნება ისე ადვილად გატყდა, თითქოს, ლარნაკი კერამიკული ხელიდად მძიმედ და უცებ გასხლტა. მოვლენებს იწერს ჟამთამნუსხავი, ჩამოაკლდება გზას ერთი ღამეც, გარეთ ქარია ავად მსუსხავი, ღრუბლის საბანში ეხვევა მთვარე. ...თუმც ვარსკვლავები მიდიან არსად, ცაზე იმედებს მალულად წერენ, აღარ ვიდარდებ, ოცნების მსგავსად, ჩემგან გაფრენილ ბაბუაწვერებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი