***წამო, სახლობანა ვითამაშოთ


მირას

წამო, სახლობანა ვითამაშოთ,
ცრემლი შევუმშრალოთ დიდობას,
წამო, თივის ზვინში დავიმალოთ,
პანკისს გამიწიე გიდობა.
წლები ყვავილნარში მიმოვფანტოთ,
თმები გავიშალოთ კისკისით,
კედლებს გვირილები მივახატოთ
და კიბეს ჩავუყვეთ კინკილით.
წამო, სახლობანა ვითამაშოთ,
ვიჩუქოთ ბავშვობა თავიდან,
მუხლზე ნატკენები გავიჩინოთ,
მკლავზე ნამზეური დავისვათ.
ცხენით დავედევნოთ წელიწადებს
უერთმანეთობით გაფრენილთ,
როცა არ გიცნობდი იმედისფერს,
გულში სიყვარულად დაფენილს.
მერე სულ ხელახლა გავიაროთ
წლები გასავლელნი მერმისის,
ისევ შევიყაროთ დიდობაში,
ჩემთვის მეგობრობის მზედ იშვი...

წამო, სახლობანა ვითამაშოთ,
მოდი, არასოდეს დავბერდეთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი