ფუფალას მონოლოგი


,,სიყვარული არა კვდება, ნინორე..."
სადღაც არის, სადღაც ცხოვრობს შიოლა,
მერე, რა, თუ მითი გამოვიგონე,
ამ სულს მხოლოდ ტრფიალება შიოდა.
,,სიყვარული არა კვდება, ნინორე",
ქალის ხვედრი მოლოდინში ირთვება,
ღმერთო, ჩემი ბედშავობა იმყოფე,
სხვებს იღბალი გაატანე მზითევად.
,,სიყვარული არა კვდება, ნინორე",
უკვდავება შევულოცე მისანმა,
მარადიულ საპატარძლოდ მიცნობენ,
სულ მძებნელს და ვეღარ მისულს მიზანთან.
,,სიყვარული არა კვდება, ნინორე",
ბედის მჭედელს ჩემთვის ჩარხი გაუტყდა,
ეჰ, რა ცოტა, რა უიღბლოდ ვიცხოვრე,
დასასრული ზენამ ადრე მაუწყა.
ნატვრის ხეზე შევატოვე ოცნება,
თითქოს, კაცთა გულებს უმალ ვიმონებ,
ჩემი ხსოვნა თუმც ოდესმე მოკვდება,
,,სიყვარული არა კვდება, ნინორე"!
...
სიყვარული არ მომკვდარა, გრძელდება,
გზები ისევ ზემოთ მიდის, უფალთან,
შენც შიოლა ზეცის კართან შეგხვდება,
რომ იქ მაინც გადედოფლოს, ფუფალა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი