გარდაიცვალა სიყვარული


-გარდაიცვალა სიყვარული, დავტირით მწარედ,
(დიდი ამბავი, დრო იყოო, დიდხანს იწვალა...)
არვინ აწვდიდა საწყალს თურმე წყალსა და ჰაერს,
უჟანგბადობით, პირგამშრალი გარდაიცვალა.
-ასე ეწერა, აბა, უკვდავს რით ჰგავდა, ვითომ?
-რა საჭიროა ახლა ცრემლი, ვაი ან ვიში?
ტკივილში ყოფნას, დასვენება არჩია თვითონ,
არ მოასვენოთ სამარეშიც, თავი აიშვით!
-მაგისთანები გამოგვცლია ხელიდან ადრე?
ნუთუ არ გახსოვთ, რომეო ან ვისი-რამინი?
(ჰო, მართლა, ნეტავ, მოვიყვანოთ წირვისთვის პადრე,
თუ მამაო სჯობს, ანდა სულაც იყოს რაბინი?)
-რაღაც არ მახსოვს, თავის დროზე გაფრთხილებოდით,
შხამის კრისტალებს აბებივით თავით უდებდით,
(ო, უკაცრავად, არ მეგონა, გაფითრდებოდით),
დატკბით ამ წასვლით მოტანილი თავისუფლებით.
-რაც იყო, იყო, დაგვენანა მაინც საბრალო,
დიდხანს ეცადა არ წაეგო ბრძოლა მომხვდურთან...
-ეჰ, მეგობარო დაფერფლილო, სხივო ჩამქრალო,
შენთვის სამზეომ სასიცოცხლო კარი მოხურა...
გარდაიცვალა სიყვარული გულის შეტევით,
კაცობრიობა გულგრილობის გზას ადგას რადგან,
ბოღმა-შურისგან ჩვენ ჩვენს კანში ვეღარ ვეტევით
და სიყვარულის კუთვნილ გვირგვინს სიძულვილს ვადგამთ.

P.S. იქნებ, ეს სიკვდილი არის კლინიკური?!
მაშინ მომეტევოს ლექსი ცინიკური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი