ლაბირინთში


ძველი მითები კვლავ გვიამბობენ პროლოგს
ბებერ ტროაზე და აქილევსის ქუსლზე,
მე კი რითმები ხელში მაკვდება, როგორც
დამშრალ მდინარეს თევზი აკვდება გულზე.
ახალს რას ვიტყვი, რაც ჰომეროსმა
ვერ თქვა,
არ დაეტია არც ევრიპიდეს ტექსტში,
შიშით შევცქერი კედელს მიხატულ კენტავრს,
ორსხეულიანს რომლის სული აქვს, ვერ ვხსნი...
ასე დავდივარ, ფიქრით მივყვები გორგალს,
ლაბირინთებში რომ დამამწყვდიეს, ვხვდები,
ჩემში ლექსები დაუწერელი ბორგავს,
ვით-ზევსის კვერთხით ცისთვის დაკრული მეხი.
შემომეძარცვა, ტანს მიფარავდა რაც კი,
ჩემთვის ჩასაცმელს მარჯვე არაქნეც არ ქსოვს,
სულს ყველა სტრიქონს, ვითარცა-ეკალს, ვაცლი
და ვემზადები, რომ შევეყარო ქარონს...
ვდგავარ, ვუსწორებ მოხუც მენავეს მზერას,
იქნებ, არც ღირდეს, რომ გადავლახო სტიქსი?!
მე უკვდავება პოეზიაში მჯერა
და ვერ დავდუმდი, როგორც-უენო სფინქსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი