დაგენანები


ვიცოდი, ერთ დღეს გაიხურავდი
ჩვენი წარსულის მძიმე დარაბას,
წინასწარ მქონდა ნაპატიები,
ხარ შენდობილი, როგორც-ბარაბა.
წადი, დატოვე წლები-ტვირთები,
მე ჯვრის აზიდვა მარტოსაც ძალმიძს,
შენს სიყვარულში გამოიძერწა
და ქვად გადიქცა უნარი კრძალვის.
მივყვები ბინდის გავლით სინათლეს,
მაჯებზე ცვდება დღეთა ბორკილი,
წარსულს ნელ-ნელა ვემშვიდობები
და უშენობა გზებს ყრუდ მოჰკივის.
ახლა არ ვეძებ შენს ნატერფალებს,
ვეღარ ვცნობ ხალხში შენს ფაქიზ სურნელს,
ძველი დღეების ნარჩენთა სევდას
მომავლის იმედს და რწმენას ვურევ.
ფიქრის ქარავანს მივდენი სხვისკენ,
ჩვენ ახალ ზღვასთან დავევანებით
და როცა წყურვილს მოვიკლავ მასთან,
შენ სწორედ მაშინ დაგენანები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი