მზე, რომელიც წაიღეს...
ფორთოხლისფერი მზე ჩავარდა მთების ხახაში, ეგემრიელათ, გადაყლაპეს, წვეთიც არ დარჩათ, მოინელებენ, შეირგებენ სიცილ-ხარხარში და მერე მთვარეს დაისვამენ ღამეულ ხარჭად. ასეა მუდამ, ყოველღამე მართმევენ მზისფერს, გულისპირიდან ძალით მგლეჯენ თოთო ათინათს, მე მაინც ვრჩები მარადმწვანედ, კოლხური ბზისებრ, სინათლის იმედს ვერაფერი ჰკლავს და გათიბავს. ჩამომყურებენ მთები, თითქოს, ნიშნის მოგებით, მწვერვალებიდან დამძახიან, რომ მზე წამართვეს, არაფერს ვითხოვ და დუმილით მჯერა მოგვების, რწმენის მორევი თავის ზღვაში ითრევს წარმართებს. ფორთოხლისფერი მზე ჩავარდა მთების ხახაში, ყელამომწვარი მთები ნისლებს დაახველებენ, სხივები დამაქვს გულში, როგორც-სანდო ქარქაშში და მზის წართმევით ვეღარასდროს გამახელებენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი