საკუთარ სულთან ხომ მაინც მარტოა ადამიანი
ალბათ რამდენი რამ არის: რაც ცოდვად არ ვაღიარეთ, ალბათ რთულია გავიგო- ყველა შეგრძნება მონესი, საკუთარ სულთან ხომ მაინც მარტოა ადამიანი, ციდან ჩიტების ჟღურტულიც ბოლო იმედად რომ ესმის. იქნებ წვიმასთან და მზესთან სურდა ეცეკვა მოპასანს? მოლბერტი კავალერია- როცა თავს უხრის ფუნჯი და ახლა ამ ცაზე ღრუბლები- მშიერ, თხელგვერდა მონას ჰგავს, ხელახლა გამომიხსნია ყველა პასუხი უჯრიდან. გზებს კი ნატიფად მოუცვამთ- მხრებზე, წამხდარი სიშიშვლე, კედელს მანქანის ფარები შუქით დროებით ხიბლავენ, ახლა ისეთი დრო არის რომ ხმალს არავინ იშიშვლებს, თუ სულით დაგცეს და თუ სულს კუთვნილ ქონებით იბრმავებ. რას ვიზამთ, ჩვენს თავს შევუნდოთ: რაც ცოდვად არ ვაღიარეთ და რაც არ უნდა გაწვიმდეს: გაშრები ბოლოს- წესია, საკუთარ სულთან კი, მაინც, მარტოა ადამიანი, როცა მაგიდას უზის და საშველი მხოლოდ ლექსია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი