ღვთაებრივ კომედიის რიგით კარისკაცებს
*** მაშინ გახსენდებით, როცა დაგჭირდებით, როცა საჭიროებთ თხრობას, თხოვნას.. ანდა გინდათ რაღაც სულ სხვა, მოხვალთ სატირლებით, მერე დასაკიდი ისევ მოგაქვთ ფარდა, რომ ვერ დავინახოთ დიდხანს ერთმანეთი, განა დაგაყვედრით, განა თხოვნაზეა... უფლის ხელებიდან ვისაც ვეხმარები მათზე არ ვამბობ და ალბათ ცოდვაზეა მთელი ჩემი ლექსი, დარდად ვიწერები, რადგან მოკითხვაც კი ალბათ მსურდა მეტი და დროც ცომივით რომ ცალყბად იწელება, აღარც მოლოდინი გახდა ფუნდამენტი. რიგით კარისკაცებს კი ვცნობ რა ხანია, უფრო დავაფასე კარის აქეთ მდგომნი, ზოგჯერ აღარ ჰყოფნის სივრცე ადამიანს, მიზნად ამიტომაც დავისახე ომი. ომი უსისხლო და მსგავსი ანათემის, მხოლოდ ჩემ ფიქრებში ვახდენ გადაცემას, ადრე ყველა სიტყვას, მანძილს ვამართლებდი, ახლა განშორებით ვანთებ ანათემას. ტაში არ მჭირდება- თუ ვარ კარგად მყოფი, ნუღარ გამიხსენებთ მხოლოდ სახსენებლად, თუმცა, რა მოგთხოვოთ, როცა კარგად მყოფებს თავად უფალიც კი აღარ გახსენდებათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი